მოკლედ უფლებების შესახებ

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადგენილი სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. 

ადამიანის უფლებებს რთული, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის, ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით, ინდივიდუალური უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება. 

ადამიანის უფლებათა განმსაზღვრელ თანამედროვე კონვენციებს და დეკლარაციებს წინ უძღოდა ისეთი ისტორიული დოკუმენტების მიღება, როგორებიცაა ინგლისის თავისუფლებათა დიდი ქარტია (1215 წ.) და უფლებათა ბილი(1689 წ.), საფრანგეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია (1789 წ.), ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია (1787 წ.) და უფლებათა ბილი (1791 წ.). 

დღეისათვის, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღიარებული და უზრუნველყოფილია არაერთი საერთაშორისო კონვენციით და დეკლარაციით, მათ შორის, გაეროს 1948 წლის 10 დეკემებრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპის საბჭოს 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ევროპის საბჭოს 1961 წლის 26 თებერვლის ევროპის სოციალური ქარტიით; 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული გაეროს ორი პაქტით - “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” და “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების” შესახებ. 

ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციები, ადამიანის უფლებებს აღიარებს და უზრნველყოფს საქართველოს კონსტიტუციაც (2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით). კონსტიტუციის მეშვიდე მუხლის თანახმად, “სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს”. 

კონსტიტუციით მეორე თავით დაცულია: 

  • ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პატივისა და ღირსება ხელშეუვალობა;
  • სიტყვის, აზრის, სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება;
  • პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და შეტყობინებათა ხელშეუხებლობა;
  • საკუთრების უფლება;
  • თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებლის თავისუფალი არჩევის უფლება;
  • ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, აზრების თავისუფლად გამოთქმისა და გავრცელების უფლება;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
  • გაერთიანებების შექმნის უფლება;
  • პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; 
  • ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება;
  • შრომის თავისუფლება;
  • განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები.

კონსტიტუციით აკრძალულია სიკვდილით დასჯა. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

კონსტიტუცია უზრუნველყოფს ადამიანთა თანასწორობას: “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.

კონსტიტუციით გარანტირებულია საპროცესო უფლებები: 

  • დაცულია უდანაშაულობის პრეზუმფცია (ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით). 
  • არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. 
  • ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს; 
  • დაცვის უფლება გარანტირებულია.

კონსტიტუცია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას. დაცულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნის უფლება და თანასწორი საარჩევნო უფლებები. 

საკონტაქტო ინფორმაცია
ანა ხიზანიშვილი
მრჩეველი

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

ტელ: +995 (32) 2 000 290 924 49)
ელ.ფოსტა: akhizanishvili@gov.ge

˄