ჩვენი გუნდი

მაკა ფერაძე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი

მაკა ფერაძეს ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი პროფესიით სამართალმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 

მაკა ფერაძე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის -  ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი,  მუშაობდა უწყების ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილებასა და ადმინისტრაციაში. 

საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მისი აქტიური ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციის, სამართალწარმოებაში ჩართული არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და საქართველოს ადამიანის უფლებების სტრატეგიის მიზნების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურებოდა. მაკა ფერაძეს, ასევე, აქვს საკუთარი სპეციალობით კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

მაკა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე ანა ბუჩუკური შეცვალა, რომელიც საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

ლელა აქიაშვილი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, 2019 წლის ნოემბერიდან ლელა აქიაშვილი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებს.

მანამდე ის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობისა და  LGBTQI+ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებას უძღვებოდა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში „გადავარჩინოთ ბავშვები“ (ვაშინგტონი, აშშ) მუშაობისას ლელა აქიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გენდერული თანასწორობის შიდა და გარე მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესში. მანამდე ის მუშაობდა ჯოან ბ. კროკის სახელობის სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში (სან-დიეგო, აშშ) ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემაზე მკვლევარის პოზიციაზე. ლელა აქიაშვილს, ასევე, აქვს Texas A&M უნივერსიტეტში (ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის საჯარო მმართველობის სკოლა, ტეხასი, აშშ) არაფორმალური განათლების მკვლევარად მუშაობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გამოცდილება (ნიუ-იორკი, აშშ).

ლელა აქიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისში და საქართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში.

გარდა საერთაშორისო და საჯარო უწყებებისა, ლელა აქიაშვილს ასევე, აქვს, არასამთავრობო სექტორში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების, არაფორმალური განათლების, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან მუშაობისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებებით.

ლელა აქიაშვილს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი 2018 წელს მიენიჭა Texas A&M უნივერსიტეტის, ხოლო 2012 წელს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. 2009-2010 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის UGRAD-ის პროგრამის ფარგლებში, ლელა ვისკონსინ-სუპერიორის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა.  

გულიკო მაჭარაშვილი

სპეციალისტი

გულიკო მაჭარაშვილი ადამიანის უფლებათა სამდივნოს გუნდს 2019 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა.

გულიკომ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სწავლა ამავე უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით განაგრძო. მისი სპეციალიზაცია ადამიანის უფლებების დაცვა  და კონსტიტუციონალიზმია.

ადამიანის უფლებათა სამდივნოს ფარგლებში, გარდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და შესრულების ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობისა, იგი აქტიურადაა ჩართული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში სამართლებრივი და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის მიმართულებით.

გულიკო არის იურიდიული დახმარების ჟესტური ენის თარჯიმანი და 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მისი საქმიანობა მოიცავდა სმენდაქვეითებული და ყრუ ადამიანებისთვის იურიდიული დახმარების მიღების პროცესში ხელშეწყობას, მათ შორის სასამართლო პროცესებზე სურდო-თარგმანის  განხორციელების  კუთხით.

2019 წლის მარტიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით, გულიკო იკავებდა საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საპარლამენტო მკვლევარის პოზიციას საქართველოს პარლამენტის გენდერული  თანასწორობის  საბჭოში.

2019 წლის განმავლობაში სამართლებრივი კლინიკის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოწვეული ტრენერის პოზიციაზე, გულიკო ატარებდა ტრენინგებს ბავშვთა უფლებებზე, კონსტიტუციასა  და  ადამიანის  უფლებების შესახებ.

2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, იგი მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის სტაჟიორის  პოზიციაზე, სადაც მის მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის პროექტების მომზადება, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით   კვლევის/ანალიზის  განხორციელება.

2016 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, იგი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივნის თანაშემწის  პოზიციაზე.

2016 წლის იანვრიდან 2016 წლის მაისამდე გულიკო იკავებდა პროექტების მენეჯერის, ხოლო 2016 წლის მაისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციაში „მშვიდობის ფონდი“.

ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მას გავლილი აქვს არაერთი ტრენინგ-კურსი და არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, მისი გამოცდილება ითვლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, მათ შორისაა კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული სასწავლო ვიზიტები ბელგიაში, საფრანგეთში,  უკრაინასა და სამხრეთ  კავკასიის  ქვეყნებში.

მერი ქაჯაია

სპეციალისტი

მერი ქაჯაია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოში არის სპეციალისტი ბავშვთა უფლებების, ბიზნესისა და ადამიანის უფლებებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების მიმართულებით. იგი წარმოშობით ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და განსაკუთრებით არის დაინტერესებული კონფლიქტების  გავლენაზე  ადამიანის  უფლებების დაცვაზე.

2018 წელს მან მაგისტრის ხარისხი მიიღო საერთაშორისო განვითარებისა და პოლიტიკის მიმართულებით, მიდლბერის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტში (მონტერეი, აშშ). იგი იყო მიდლბერის უნივერსიტეტის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ბენეფიციარი. სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, იგი მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე, რომელიც დაკავშირებული იყო ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებასთან, გენდერულ თანასწორობასთან,  კონფლიქტებთან  და მიგრაციასთან.

2011 წლიდან ის სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, რომელიც 2015 წელს წარჩინებით დაასრულა და მიიღო სოციალურ მეცნიერებებში ბაკალავრის  ხარისხი  მასობრივი  კომუნიკაციის სპეციალობით.

მერი ქაჯაია 2018 წელს იყო მრჩეველი გაეროსთან საქართველოს მისიაში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც მუშაობდა ეკონომიკისა და სოციალური საბჭოსა და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა გაეროს 73-ე გენერალური ასამბლეის ფინალური  ანგარიში.

იგი ასევე 2015-2016 წლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ  პროექტში „რადიო ქალაქი“ მუშაობდა როგორც ახალი ამბების წამყვანი და რეპორტიორი, სადაც ფარავდა ისეთ თემებს, როგორიცაა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ევროკავშირთან მოლაპარაკებები, საქართველოში  არსებული  სოციალურ-ეკონომიკური   გამოწვევები.

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა Forbes Women  Georgia-ში, საზოგადოებრივ  მაუწყებელში,  ოლგა  ბაბლუანის  საავტორო  გადაცემაში „მშვიდობით    იარაღო", ტელეკომპანია რუსთავი 2-ში, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციასა და Betterfly / DDB Worldwide Communications Group-ში.

 

გიორგი ბედოიძე

სპეციალისტი

გიორგი ბედოიძე ადამიანის უფლებათა სამდივნოს თანამშრომელი 2020 წლის თებერვალიდან გახდა. გიორგის ევროპაში სწავლისა და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და თურქეთში.

მადრიდსა და რომში იგი მუშაობდა Greenpeace-ის ესპანურ გუნდში. რომში გიორგი ასევე მუშაობდა იტალიის პარლამენტსა და UNDP-ის იტალიის ოფისში ეთნიკური უმცირესობებისა და გენდერული თანასწორობის თემებზე.
საქართველოში მისი კვლევის ძირითადი ინტერესი იყო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტურობა. გიორგი ამ და სხვა თემებს იკვლევდა რეგიონულ მედიაში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში პოლიტიკურ მიმომხილველად და მკვლევარად მუშაობისას.

ბაკალავრის ხარისხი გიორგიმ მოიპოვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. ხოლო მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ლუისის, მადრიდის კომპლუტენსესა და ლონდონის უნივერსიტეტების საერთო სამაგისტრო პროგრამის ევროპული საპარლამენტო პროცედურებისა და კანონშემოქმედების მიმართულებით. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული გაცვლით პროგრამებში, ჩეხეთსა და თურქეთში.

გიორგი წარმოშობით ეთნიკურად მრავალფეროვანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაა. საკუთარ რეგიონში მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის განსაკუთრებით მოტივირებულია იმუშაოს ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის, ნაკლებად წარმოდგენილი თემების უფლებების დაცვისა და მრავალფეროვნების გაძლიერებისათვის

ქეთევან ტატუაშვილი

სპეციალისტი

ქეთევან ტატუაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს გუნდს 2020 წლის თებერვალში შემოუერთდა. ქეთევანი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა.

ქეთევანი 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იურისტის პოზიციაზე.

2014 წლიდან 2020 წლამდე კი ქეთევანი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნულ პერიოდში მისი საქმიანობის მიმართულებას წარმოადგენდა, ისეთ მნიშვნელოვანი სფეროები, როგორებიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული; გენდერული თანასწორობა სამართალდამცავ უწყებებში და სხვა.

ქეთევანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ზემოაღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის და რეკომენდაციის/გაიდლაინის შემუშავებაში. ამასთანავე, მონიტორინგს უწევდა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის გამოძიებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში ქეთევანი აქტიურად იყო ჩართული გამომძიებელთა გადამზადების პროცესში ტრენინგების ჩატარების გზით.

2007-2011 წლებში ქეთევან ტატუაშვილმა მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი. 2011-2013 წლებში კი მან მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით.

ქეთევანს ასევე, აქვს პოლონეთში (College of Europe, Natolin campus) სწავლის გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით. 

2019 წელს ქეთევანმა ხორვატიაში, ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ხელშეკრულებისა (NATO ) და უსაფრთხოების თანამშრომლობის ცენტრის (Centre for Security Cooperation) ორგანიზებით გადამზადების კურსი გაიარა და წარმოადგენს სერტიფიცირებულ ტრენერს გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

ქეთევან ტატუაშვილი წარმოადგენს ევროპის საბჭოს (Council of Europe) სერტიფიცირებულ ტრენერს დისკრიმინაციის მიმართულებით.

ამასთანავე, ქეთევანს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ონლაინ სასწავლო კურსი, რისი დასრულების შემდგომაც აქტიურ მონაწილოებას იღებდა ევროპის ქვეყნებში გაცვლით სასწავლო ვიზიტებში.

ანუკი ბურდული

სპეციალისტი

ანუკი ბურდული მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს შემოუერთდა 2017 წლის დეკემბრიდან.

მან 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი დოკუმენტური კინოს რეჟისურის განხრით.

ანუკის მოპოვებული აქვს კრიმინოლოგიის მაგისტრის ხარისხი მალმოს უნივერსიტეტში, შვედეთი (2014-2016 წწ). 

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“.

ანუკის სცენარები მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისათვის დაფინანსებულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

ამჟამად იგი ადამიანის უფლებათა სამდივნოს წევრია და მუშაობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, პერსონალური მონაცემების დაცვის, რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე.

ელენე შონია

სტაჟიორი

ელენე შონია ადამიანის უფლებათა სამდივნოში სტაჟირებას  2020 წლის სექტემბრიდან გადის. ელენემ  სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წელს მოიპოვა. ამჟამად სწავლას აგრძელებს მაგისტრატურის საფეხურზე საჯარო სამართლის მიმართულებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. 

2017-2018 წლებში ელენემ მიიღო იურიდიულ კომპანიაში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე იყო თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელის თანაშემწე. 2018-2020 წლებში კი ელენემ სტაჟირება გაიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ელენეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სამართლის სხვადასხვა მიმართულებით, დაინტერესებულია გენდერულ თანასწორობასთნ დაკავშირებული საკითხებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებით. ელენე წარმოშობით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა და მისი ინტერესის სფეროს იძულებით გადაადგილებული პირების და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებებიც წარმოადგენს. 

სოფიო თაბაგარი

სტაჟიორი 

სოფიო თაბაგარი  ადამიანის უფლებათა სამდივნოში სტაჟირებას 2020 წლის სექტემბრიდან გადის. იგი GIZ-თან პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროექტში არის უმცროსი ექსპერტი.

სოფიოს მიენიჭა თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის  სამართლის ბაკალავრის ხარისხი 2017 წელს. სტუდენტობის პერიოდში იგი ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის - ილსა საქართველოს აკადემიური დეპარტამენტის საქმიანობაში. 

სოფიო კომპანია DK Capital-ში მუშაობდა საინვესტიციო მრჩევლად და აწარმოებდა საკუთარ ბიზნეს საქმიანობას. მანამდე იგი მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ევროკავშირის და სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამართლებრივ ექსპერტად.

სხვადასხვა დროს სოფიომ სტაჟირება გაიარა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

სოფიოს ინტერესის სფეროებია ქალთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები, ასევე, მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა რელიგიური უმცირესობების, LGBTQ ჯგუფის უფლებები და ზოგადად მრავალფეროვანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე მუშაობა.

˄