სიახლეები

ტრენინგი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ


17 ნოემბერი 2017 ტრენინგი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ

2017 წლის 15-16 ნოემბერს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი პატრიკ ტვომეი გაუძღვა. ტრენინგის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა. ნოემბრის ტრენინგი კი ამ პროცესის მეორე ეტაპი იყო.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მის მიზანს საქართველოში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის  სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმებისადმი მისადაგების შესახებ უნარებისა და ცოდნის გაძლიერება წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ თემებს დაეთმო: 

  • ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სამართლებრივი პრინციპების მნიშვნელობა; 
  • საქართველოში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერების დადებითი მხარეების/სისუსტეების/შესაძლებლობების/საფრთხეების ანალიზი; 
  • ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საჭიროებათა შეფასება და პოლიტიკისა და პროგრამების  ფორმულირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების ასპექტები;
  • ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ახლადდანერგილი სახელმძღვანელო პრინციპების საქართველოს კონტექსტში გამოყენება.

ორდღიან ტრენინგს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დარგობრივ სამინისტროთა წარმომადგენლებმა პრაქტიკულ სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა, ტრენინგის მეორე დღეს კი სხვადასხვა მიმართულებით იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზები არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან ერთად განიხილეს. 

ტრენინგზე აქცენტი გაკეთდა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების, როგორც ძირითადი პრობლემის პრიორიტეტულობაზე, სხვა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და გენდერის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე.  მონაწილეებმა, ასევე, წარადგინეს რეკომენდაციები საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიმდინარე აქტივობების და მონიტორინგის სისტემის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ.

საერთაშორისო ექსპერტმა, პატრიკ ტვომეიმ  საქართველოში ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფისში. ის, ასევე, შეხვდა  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებს.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასთვის“  მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული შესაძლებლობების გაზრდას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ის, ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმების ფარგლებში, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.  

უკან
დაწერე კომენტარი
˄