სიახლეები

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია


04 დეკემბერი 2017 ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია

4 დეკემბერს, სასტუმრო ,,რედისონში,“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ჩატარებული ეროვნული საბაზისო კვლევის შედეგების წარდგენა განხორციელდა. კვლევა დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექპერტებთან კონსულტაციით ჩატარდა. 

ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე აუდიტორიას სხვა გამომსვლელებთან ერთად სიტყვით მიმართეს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, ნატალია ჯალიაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მრჩეველმა, დანიელ მორისმა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის  “ადამიანის უფლებები ყველასთვის“ კოორდინატორმა, რუსუდან ტუშურმა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კვლევა, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზსაც მოიცავს. სწორედ ამ კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდა. კვლევამ გამოკვეთა გამოწვევები მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისების მიმართულებით და მოიცვა ისეთი სფეროები, როგორიცაა შრომითი უფლებები, გარემოს დაცვის საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა, პირადი მონაცემების დაცვა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები და დისკრიმინაციასთან ბრძოლა, საკუთრების სამართალი, ზიანის ანაზღაურების მექანიზმების ეფექტურობა და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, ამ ღონისძიებაზე სპეციალური სესია გაეროს განვითარების პროგრამისა და სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ერთობლივ ინიციატივას დაეთმო. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ძალიან საინტერესო პროექტი „მე შემიძლია“ გააცნეს, რომლის მიზანი შშმ პირებისთვის შესაძლებლობების გაზრდაა.

კონფერენციის მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) ერთობლივი პროექტი “ადამიანის უფლებები ყველასთვის“ .

უკან
დაწერე კომენტარი
˄