სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესახებ რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა 


07 დეკემბერი 2017 ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესახებ რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა 

7 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი 2017 წლის თებერვალში დაიწყო და ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელშეწყობას რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. 

10 თვის განმავლობაში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა საქართველოს რეგიონებში სამდივნოს, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების, აგრეთვე ადგილობრივი აქტორების მონაწილეობით მთელი რიგი საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები გამართა. ადგილობრივ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულმა დისკუსიებმა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ, ერთი მხრივ, კარგად წარმოაჩინა რეგიონალური მოსაზრებები და გამოწვევები, ხოლო, მეორე მხრივ, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდა რეგიონებს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ. 

პრეზენტაციაზე პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი რეგიონალურ საჭიროებები და მიდგომები, მიგნებები და გამოთქმული უკუკავშირი შეაჯამეს. გარდა ამისა, მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და მექანიზმებზე, რომლებიც ცენტრსა და რეგიონებს შორის უფრო მეტ ჩართულობასა და გაუმჯობესებულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

პროექტი მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. 
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄