სიახლეები

ყოველწლიური ცერემონია „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისათვის“


07 მარტი 2018 ყოველწლიური ცერემონია „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისათვის“

2018 წლის 7 მარტს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ-ში“ გაიმართა მეოთხე ყოველწლიური ცერემონია „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისათვის“, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში გენდერული თანასწორობის როლის ხაზგასმა წარმოადგენდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია „IFC”, საქართველოს საფონდო ბირჟა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და Global Compact-ის საქართველოს ქსელის სამდივნო. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის ფინანსური მხარდამჭერი კი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროა. 

ღონისძიებაზე იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რამდენად უწყობს ხელს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ბიზნეს-კომპანიების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას, მათი შემოსავლის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ამით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას. 

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესიშვილი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, ჟან ვან ბილსენი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) კოპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი, სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა. 

ღონისძიების მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო თემაზე „საფონდო ბირჟისა და სახელმწიფოს როლი ბიზნესის სფეროში გენდერული თანასწორობის განმტკიცების კუთხით“. სადისკუსიო პანელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, ნატალია ჯალიაშვილმა გახსნა. მან ვრცლად ისაუბრა ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა მიმართულების მნიშვნელობაზე ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის საქმეში და აქცენტი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობაზე გააკეთა. 

უკან
დაწერე კომენტარი
˄