სიახლეები

საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმას მიიღებს


27 ივლისი 2017 საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმას მიიღებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, 39-მა სახელმწიფო მოხელემ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების საკითხებში ტრენინგი გაიარა. 

ტრენინგის ფარგლებში ძირითადი ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მომზადებას. საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და მის დამტკიცებას წლის ბოლოს გეგმავს. 

ტრენინგს გაუძღვა საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - დევიდ ჯონსონი, რომელიც ტრენინგის შედეგებისა და საქართველოს მთავრობასთან, სახალხო დამცველთან, სამოქალქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე მოამზადებს სახელმძღვანელოს სახელმწიფო უწყებებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შესახებ.

ივლისში ჩატარებული ტრენინგი სახელმწიფო უწყებების ხელშეწყობის ნაწილია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიღებასა და შესრულებას უკავშირდება. 2017 წლის ივნისში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ჩატარდა მსგავსი სასწავლო პროგრამა პოლიტიკის წარმოების პროცესში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ. 

ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიღებისა და შესრულების ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელშეწყობა და გაძლიერებაა. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და მონიტორინგს უწყობს ხელს.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄