2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით სექსუალური შევიწროება განისაზღვრა, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა. აღნიშნული კანონი ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე, როგორიცაა შრომითი და წინასახელშეკრულებო ურთიერთობები, კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, მათ შორის, საჯარო სექტორში დასაქმებისას. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, პირს შეუძლია გამოიყენოს შიდა ორგანიზაციული დაცვის მექანიზმები ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე მიმართოს სასამართლოს ან საქართველოს სახალხო დამცველს. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სექსუალური შევიწროების სამუშაო ადგილზე რეგულირების მიზნით, დამსაქმებელი ვალდებული გახდა მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში, ასევე, უზრუნველყოს მათი შესრულება.
ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, 2020-2021 წლებში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშვე უწყებათშორისი კომისიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით საჯარო დაწესებულებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმების დანერგვა დაიწყო, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროში, სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროში, საქართველოს პროკურატურასა და სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში.
შედეგად, ექსპერტის ჩართულობით, თითოეულ უწყებაში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმი ჩამოყალიბდა და დამტკიცდა. აღნიშნული მექანიზმები მორგებულია თითოეული უწყების სპეციფიკასა და სტრუქტურას.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი მექანიზმის არსებობა სახელმწიფო უწყებებში გენდერული მეინსტრიმინგის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და იგი სექსუალური შევიწროების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
თითოეული სახელმწიფო უწყებების სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური