სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აზერბაიჯანის დელეგაცია სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა


16 ნოემბერი 2021 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აზერბაიჯანის დელეგაცია  სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაცია საქართველოს სასწავლო ვიზიტით სტუმრობს ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) საქართველოს მიერ რეტიფიცირებასა და იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს აზერბაიჯანის ოფისის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს თანამშრომლები.

ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ დამსწრე სტუმრებს გააცნო მთავრობის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, კოორდინაციის და მონიტორინგის მექანიზმები, სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიზნით ქვეყანაში არსებული სერვისები და ადამიანის უფლებათა სამდივნოს როლი.

ვიზიტი 17 ნოემბერს დასრულდება და მის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში მომუშავე უწყებებს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄