სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ირაკლი ქემოკლიძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა


13 დეკემბერი 2021 საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ირაკლი ქემოკლიძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან დაკავშირებული საკითხებისადმი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ირაკლი ქემოკლიძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ქემოკლიძის ოჯახის წევრებს გადასცა, მისი მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სამოქალაქო აქტივიზმისა და ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს.

ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ღირსების მედლით დაჯილდოება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და ყურადღება გაამახვილა ირაკლი ქემოკლიძის სამოქალაქო აქტივიზმის როლზე, ქმედუნარიანობის სისტემური რეფორმის განხორციელების პროცესში.

უკან
დაწერე კომენტარი
˄