სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმისა და ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაციაზე


13 თებერვალი 2014 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმისა და ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაციაზე

„წელს გადამწყვეტი ეტაპი გვაქვს გადასალახი ევროპასთან დაახლოების მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმისა და ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაციაზე. მისივე თქმით, ევროპასთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოქმედებდეს ადამიანის უფლებათა სფეროში უმაღლესი სტანდარტის სტრატეგია და გეგმა.

„სულ მალე, როდესაც ამოქმედდება მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და აშენდეს რეალურად ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვეღარ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საქართველოში მის წარმომადგენლობას და, პირველ რიგში, თომას ჰამარბერგს; აგრეთვე, გაეროსა და ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და დემოკრატიული პროცესების გამყარების საქმეში.

"საქართველო ადამიანის უფლებების საკითხში სამოქმედო გეგმის შემუშავების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზე დგას," - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამართლებრივ კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის მსგავსი სამოქმედო გეგმა და მათაც ალბათ შეუძლიათ საქართველოსგან ბევრი რამ ისწავლონ.

უკან
დაწერე კომენტარი
˄