სიახლეები

ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 66-ე სესიაზე, საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა


24 მარტი 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა, მაკა ფერაძემ,  მიმდინარე წლის 24 მარტს, მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 66-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ინტერაქტიურ დიალოგში, რომელიც შეეხებოდა კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის განხორციელებულ აქტივობებს, გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კონტექსტში. 

მაკა ფერაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ იმ ზომებზე, რომლებიც კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კრიზისის დასაძლევად იქნა განხორციელებული. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს მიზნობრივ საქმიანობებსა და პროაქტიულ ზომებს, ქალთა უფლებების, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად, ასევე მოიცავს ძირითადი საარსებო საშუალებებით დახმარებას, ინფორმაციისა და სერვისების, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

კომისიის 66-ე სესია 2022 წლის 14-25 მარტს იმართება. 2022 წელს განსახილველი პრიორიტეტული თემაა გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერება კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი და კატასტროფების რისკის შემცირების პოლიტიკისა და პროგრამების განვითარების და მათში ეფექტური მონაწილეობის მიმართულებით.

უკან
დაწერე კომენტარი
˄