საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014–2020 წლებისთვის)

იხილეთ ეროვნული სტრატეგია  


შესავალი

 

„სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი.

 

საქართველოში სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული ევროპული დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) პერიოდში, როცა 1921 წლის კონსტიტუციამ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, კანონის წინაშე თანასწორობა, სიკვდილით დასჯის აკრძალვა, პიროვნების ხელშეუხებლობა, ქალთა საარჩევნო უფლებები, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, გამოაცხადა. კონსტიტუციურ ჩარჩოში მოექცა აგრეთვე ყველა უფლება, რომლებიც კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებული არ იყო, მაგრამ კონსტიტუციით აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარეობდა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის პრინციპებს ეფუძნება და ადამიანის უფლებებზე ორიენტირების ტრადიციას აგრძელებს. საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“. აქედან გამომდინარე, „ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრება და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უზრუნველყოფა მოხდეს არა იზოლირებულად, არამედ სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობის განმტკიცებასთან ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო ადამიანის უფლებების თითქმის ყველა ძირითადი საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულების მხარეა. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, უარყოფილი არ არის ადამიანის ის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებიც, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ამდენად, ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური სივრცის განუყოფელი ნაწილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე, რომელთა შინაარსობრივი და პროცედურული ფარგლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საერთაშორისო ორგანოების მიერ ახალი სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების ან პროგრესული პრაქტიკის დამკვიდრების მეშვეობით იცვლება და ვითარდება. თუმცა ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა საკმარისი არ არის. აუცილებელია, არსებობდეს ამ უფლებების პრაქტიკული რეალიზების საშუალებები და ინსტიტუციური მექანიზმები. საქართველოს მიერ დემოკრატიული სახელმწიფოს ამ უმთავრესი მოვალეობის შესასრულებლად საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილებით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო, რომელმაც შეიმუშავა ეს სტრატეგია.

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზების იდეას ეფუძნება და განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებს ამ უფლებათა სფეროში უწყებათაშორისი, მრავალსექტორული, ერთიანი და თანამიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბების, „კარგი მმართველობის“ განხორციელების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით.

 

სტრატეგიის შემუშავების პროცესი

ამ სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. სტრატეგიის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ადამიანის ცალკეულ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელიც შეიცავდა ყველა საჭირო ინფორმაციას ამ პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების უწყებათაშორისი საბჭოსთვის მიწოდება.

არსებული მდგომარეობა

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული რღვევის და მათი თანდათანობითი აღდგენის ეტაპები გამოიარა. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა სამართლებრივი ბაზა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული არაერთი ხარვეზია მითითებული.

საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები ობიექტურად და კომპლექსურად არის ასახული საქართველოში კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმების საკითხებსა და ადამიანის უფლებებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამერბერგის, 2013 წლის ანგარიშში „საქართველო გარდამავალ ეტაპზე“[1]. საქართველოს ხელისუფლება იზიარებს ანგარიშში მოცემულ შეფასებებს და აუცილებლად მიაჩნია მისი რეკომენდაციების შესრულება.

აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია არსებული დებულებების პრაქტიკული განხორციელება.

ადამიანის უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზებას ხელს უშლის, ერთი მხრივ, „უფლებათა მფლობელების“ მიერ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალებების შესახებ ცნობიერების არასათანადო დონე და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე ვალდებულებების არასათანადო შესრულება.

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ცალკეული მიმართულებებით მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება მუშაობა, თუმცა ეს პროცესი არ არის ერთიანი და კომპლექსური. ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები იყოს განგრძობადი და სისტემური პროცესის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების ან ამა თუ იმ თანამდებობის პირის ცვლილებაზე არ იქნება დამოკიდებული.

სტრატეგია და მომავლის ხედვა

სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა არის საქართველო, სადაც ადამიანის უფლებების პატივისცემა საერთო ღირებულებაა და სადაც ყველა ადამიანისთვის უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრება და კეთილდღეობა.

სტრატეგია 2014–2020 წლების განმავლობაში იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ მიღწეულ იქნეს კონკრეტული შედეგები, მათ შორის:

  • ადამიანის უფლებების დასაცავად აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს სტრატეგიით გათვალისწინებულ სტრატეგიულ მიმართულებებსა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ადამიანების სათანადოდ ინფორმირება მათი უფლებების და ამ უფლებათა რეალიზების საშუალებების შესახებ;
  • სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში შესრულება.

სტრატეგიის მიზნები

სტრატეგიის უმთავრესი მიზანია სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე ვალდებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში შესრულებას. ამისათვის ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლებმა, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ, ნებისმიერმა საჯარო თანამდებობის პირმა ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, კარგად უნდა გააცნობიერონ და შეასრულონ მოვალეობები, რომლებსაც მათ ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის კონსტიტუციური ვალდებულება აკისრებს.

სტრატეგია მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოში ყველა ადამიანს კარგად ესმოდეს საკუთარი უფლებების არსი და შეეძლოს მათი განხორციელება მეტი კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების მისაღწევად. ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში ყველა ადამიანი თავად უნდა ცდილობდეს საკუთარი უფლებების დაცვას და არ უნდა ეგუებოდეს მათ დარღვევას. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს ეცოდინებათ თავიანთი როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში – არა მარტო საკუთარი უფლებების განხორციელების, არამედ საკუთარი მოვალეობების შესრულების კუთხითაც. ხელისუფლებამ ისეთი ღონისძიებები უნდა განახორციელოს, რომლებიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკუთარი უფლებების დაცვასა და დემოკრატიის განვითარებაში.

ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ცვლილებები და პროცესის განგრძობადობა

ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა არის მუდმივი პროცესი, რომელიც საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკის პერიოდულ ცვლილებებს გულისხმობს. ეს ცვლილებები საჯარო სექტორში მომუშავე პირების საქმიანობაზე უნდა აისახოს, ისე, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მათი „სამუშაო კულტურის“ ორგანული ნაწილი გახდეს.

რეფორმები და მათი თანამდევი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, თავის მხრივ, კონსტიტუციური პრინციპებიდან უნდა გამომდინარეობდეს და დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებას უნდა ისახავდეს მიზნად. აღნიშნულ ცვლილებებს ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებები უნდა განსაზღვრავდეს. ამავე დროს, საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურ ჰარმონიზაციას უნდა ესწრაფვოდეს.

სვლა „ინსტიტუციური დემოკრატიისაკენ“

რეფორმების უმთავრესი მიმართულება „ინსტიტუციური დემოკრატიის“ დამკვიდრებაა. 1991 წლიდან დღემდე საქართველო გარდამავალ ეტაპზეა – იგი „საარჩევნო დემოკრატიიდან“ (როდესაც შესაძლებელია კონსტიტუციითა და სხვა კანონებით განსაზღვრული ორგანოებისა და ინსტიტუტების არჩევა და ამოქმედება) „ინსტიტუციური დემოკრატიისაკენ“ (როდესაც არჩეული ორგანოები და ინსტიტუტები ეფექტიანად ფუნქციონირებენ და ამა თუ იმ პირის ნება-სურვილზე არ არიან დამოკიდებული) მიემართება. „ინსტიტუციური დემოკრატია“ უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა და საჯარო მოხელეებმა აკეთონ ის, რაც კანონით ნებადართულია, ხოლო პიროვნებამ აკეთოს ის, რაც კანონით აკრძალული არ არის. ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის პროცესის განგრძობადობის აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა და მათი განვითარების მაღალი დონე. „ინსტიტუციური დემოკრატიის“ აუცილებლობაში საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის განვითარების გამოწვევებით სავსე ორი ათეული წლის განმავლობაში დარწმუნდა. ამდენად, მისი ჩამოყალიბება და კონსოლიდაცია არის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც ხელისუფლების სამივე შტოს, აგრეთვე მთლიანად საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს.

„ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა“

საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებაა, „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა“ პოლიტიკისა და პროგრამების ჩამოყალიბების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების შემადგენელი ნაწილი გახდეს. ეს მიდგომა არსებითად იმას გულისხმობს, რომ ადამიანები ჩართული იყვნენ მათი განვითარების პროცესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში. იგი ნებისმიერ დონეზე არჩეული წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ვალდებულებების შესრულების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ემსახურება. „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა“ აგრეთვე გულისხმობს ნებისმიერ საკითხში ქალისა და მამაკაცის განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა, სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა თანდათანობით განავითარონ შესაძლებლობები „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის“ გამოსაყენებლად, განსაკუთრებით – საჯარო მომსახურების დაგეგმვისას და მიწოდებისას, რაც გააუმჯობესებს როგორც ამ მომსახურების მიმღების, ისე მისი მიმწოდებლის შედეგებს.

„ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის“ ფარგლებში პოლიტიკის ან პროგრამის ჩამოყალიბება გულისხმობს, ერთი მხრივ, „უფლებათა მფლობელების“ მოთხოვნის და, მეორე მხრივ, „მოვალეობათა შემსრულებლების“ შესაბამისი ვალდებულების იდენტიფიცირებას, რათა დადგინდეს ის ძირეული და სტრუქტურული მიზეზები, რომელთა გამოც ვერ ხერხდება კონკრეტული უფლების რეალიზება.

„ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის“ ფარგლებში პოლიტიკის ან პროგრამის ჩამოყალიბებისას შეფასდება „უფლების მფლობელის“ უნარი, მოითხოვოს კონკრეტული უფლების რეალიზება, და „მოვალეობის შემსრულებლის“ უნარი, შეასრულოს შესაბამისი ვალდებულება. განხორციელდება იმის მონიტორინგი, თუ რამდენად იქნა გათვალისწინებული „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა“ პოლიტიკაში, კანონმდებლობასა და რესურსების განაწილებაში, აგრეთვე შეხედულებებში, ღირებულებებსა და პრაქტიკაში.

ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის პრინციპები

ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა არის საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება და კონსტიტუციით აღიარებული პრინციპი, რომლითაც შებოჭილია ყველა ხელისუფლება. იგი ოთხი ვალდებულების შესრულებას გულისხმობს. ეს ვალდებულებებია:

1. ადამიანის უფლებების სახელმწიფოს მიერ დაურღვევლობა;

2. ადამიანის უფლებების სხვა პირთა მიერ დარღვევისაგან დაცვა;

3. ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანებს საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას მისცემს;

4. ადამიანების სათანადოდ ინფორმირება მათი უფლებების შესახებ.

აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ადამიანებს საჯარო დაწესებულებების მიერ მათი უფლებების დარღვევისაგან დაიცავს, აგრეთვე ადამიანთა ერთმანეთთან ურთიერთობის სტანდარტებს განსაზღვრავს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ისარგებლოს თავისი უფლებით, ოღონდ ისე, რომ სხვისი უფლებები არ შელახოს. ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა უნდა იყოს მდგრადი და განგრძობადი პროცესი, რომელზედაც ხელისუფლების ცვლილება გავლენას არ უნდა ახდენდეს.

ხელისუფლების უმთავრესი ფუნქცია ადამიანის უფლებების დაცვაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებისათვის ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა პრიორიტეტული ვალდებულებაა.

აუცილებელია, აღნიშნული ვალდებულებები საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ნებისმიერი უფლების დაცვით და ყველა ადამიანისთვის თანასწორად შესრულდეს. ადამიანის უფლებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანოებისა და მექანიზმების რეკომენდაციები, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ხელისუფლების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის და მისი ანგარიშვალდებულება კომპლექსურად განხორციელდება, რაშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სპეციალურ ორგანოებთან ერთად საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებები ინკლუზიური უნდა იყოს და თავად „უფლებათა მფლობელებს“ უნდა ჰქონდეთ მათში მონაწილეობის და აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

ადამიანის უფლების რეალიზება დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტიანი მექანიზმებისა და საშუალებების არსებობას გულისხმობს. ამდენად, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ადამიანს დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.

ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები უნდა განახორციელოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის უფლებების დარღვევის მიუღებლობის და მასზე რეაგირების აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების განხორციელებას. ამასთანავე, განათლების სისტემაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაძლებლობა ადამიანის უფლებების სფეროში განათლების მიღებისა ყველა ეტაპზე, მათ შორის, არაფორმალური განათლების სახით.

სტრატეგიული მიმართულებები

მომავლის ხედვის განსახორციელებლად და დასახული მიზნების მისაღწევად სტრატეგია საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკის ცვლილებებს ითვალისწინებს.

საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ თომას ჰამერბერგის ანგარიშის გათვალისწინებით 2014–2020 წლებისთვის ქვემოთ მოცემული სტრატეგიული მიმართულებები სტრატეგიულ პრიორიტეტებად განისაზღვრა. თუმცა სახელმწიფო ვალდებულია ადამიანის ის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებიც უზრუნველყოს, რომლებიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული სტრატეგიულ პრიორიტეტებად.

ეკონომიკური და სოციალური უფლებების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები არსებული რესურსების ფარგლებში აღნიშნული უფლებების პროგრესულ რეალიზებას უნდა ახდენდეს.

 

1. სისხლის სამართლის კანონმდებლობის დახვეწა და მხარეთა თანასწორობის პრინციპის განმტკიცება

მიზანი

ისეთი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიღება, რომელიც სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და მხარეთა რეალურ თანასწორობას უზრუნველყოფს.

ამოცანები

ა) სისხლის სამართლის რეფორმის გაგრძელება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას მოითხოვს;

ბ) საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში „საუკეთესო პრაქტიკის“ მაგალითების და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება;

გ) საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პარალელურად ღონისძიებების განხორციელება ადვოკატების, საგამოძიებო ორგანოებისა და მოსამართლეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

დ) ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად გამოყენებული სანქციის ქმედების სიმძიმესთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

2. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დაცვის გაუმჯობესება სასამართლო სისტემის განგრძობადი რეფორმის განხორციელებით

მიზანი

ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც სხვა საპროცესო უფლებებთან ერთად მაქსიმალურად იქნება გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია სასამართლო სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმის განხორციელებით, რომელიც მოიცავს როგორც მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას, ისე ეფექტიანი გამოძიებისა და სამართალწარმოების სისტემის ჩამოყალიბებას.

ამოცანები

ა) სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელება ამ სისტემის დამოუკიდებლობის, აგრეთვე მოსამართლეების მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად;

ბ) მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების, აგრეთვე საქმეთა განაწილების წესების დახვეწა;

გ) სასამართლო სისტემის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა ამ სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით;

დ) სასამართლო სისტემის მართვაში მოსამართლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა;

ე) სასამართლო სისტემის რეფორმის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა თავად სასამართლო ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით.

3. პროკურატურის რეფორმირება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სამართლიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისხლისსამართლებრივი დევნის დამოუკიდებლადგანხორციელების უზრუნველსაყოფად

მიზანი

პროკურატურის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სამართლიან, ეფექტიან და გამჭვირვალე სისხლისსამართლებრივ დევნას და ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

ამოცანები

ა) პროკურატურის საქმიანობის კონტროლის მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწა;

ბ) პროკურატურის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფორმების დანერგვა და პროკურორების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება;

გ) პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;

დ) სისხლისსამართლებრივი დევნის დამოუკიდებლად განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) იძულებითი ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოყენება.

4. სამართალდაცვის სისტემაში დანაშაულის თავიდან აცილებისა და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების გაუმჯობესება, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებისამაღლება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

მიზანი

სამართალდაცვის სისტემაში დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვა და ნებისმიერ გადაცდომაზე ეფექტიანი რეაგირება, აგრეთვე სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ისე, რომ სრულად იქნეს გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები.

ამოცანები

ა) სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების საქმიანობის კონტროლის ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც მიუკერძოებელი და ეფექტიანი საზედამხედველო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს;

ბ) სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;

გ) სამართალდამცველი ორგანოების მიერ სამართალდამრღვევ პირთა დაკავება და დაკავებულთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

დ) სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.

5. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის და ყოფილ პატიმრებზე ზრუნვის მექანიზმების ჩამოყალიბება

მიზანი

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ჩამოყალიბება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესება, პატიმართათვის ეფექტიანი და დროული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

ამოცანები

ა) საჩივრებისა და გამოძიების სისტემის გაუმჯობესება მისი ადეკვატურობისა და ქმედობაუნარიანობის უზრუნველსაყოფად;

ბ) პატიმართა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და პატიმრობის პირობების გაუმჯობესება;

დ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დაწესებულებებში მყოფ პირთა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ე) ეფექტიანი საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება;

ვ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დამკვიდრება;

ზ) მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება;

თ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.

6. ადამიანის წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების წარმოების ჩათვლით

მიზანი

ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების თავიდან აცილება, ეფექტიანი გამოძიების წარმოება და მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა.

ამოცანები

ა) ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს წამებისა და არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილებას, აგრეთვე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროულ, სრულყოფილ და ეფექტიან გამოძიებას;

ბ) წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც პრობლემას სისტემურად მიუდგება;

გ) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის, სამართალდამცველი ორგანოებისა და საჯარო მოხელეების მიერ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად და ნებისმიერ გადაცდომაზე დროული, მიუკერძოებელი და სრულყოფილი რეაგირება;

დ) წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბება;

ე) საზოგადოების დროული და ეფექტიანი ინფორმირება წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების აკრძალვისა და თავიდან აცილების, აგრეთვე გამოძიების წარმოების შესახებ.

7. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა არასრულწლოვნის (მათ შორის, კანონის დამრღვევი, დაზარალებული და დანაშაულის მოწმე, აგრეთვე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე არასრულწლოვნების)საჭიროებები და „საუკეთესო ინტერესები“

მიზანი

საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დახვეწილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაში ნებისმიერი ფორმით მონაწილე არასრულწლოვნების „საუკეთესო ინტერესების“ დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

ამოცანები

ა) ნებისმიერი რეფორმისა და ღონისძიების განხორციელებისას არასრულწლოვანთა „საუკეთესო ინტერესების“ დაცვა;

ბ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა, მათ შორის, სპეციალური კანონმდებლობის შემუშავება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომელთა სპეციალიზაცია და ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;

გ) პატიმარ და თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა სრულწლოვნებისაგან მკაცრი იზოლაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

დ) ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ე) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით;

ვ) არასრულწლოვანთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობის მაქსიმალურად გათვალისწინება;

ზ) პატიმარი და თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების მიერ ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფა;

თ) არასრულწლოვანთა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგის ჩატარება ყველასთვის, ვისაც შეხება აქვს მათთან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.

8. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფა, მათ შორის, საარჩევნო გარემოს დახვეწით და საჯარო სამსახურის განვითარებით

მიზანი

ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე საქართველოს მოსახლეობის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველმყოფი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება საკანონმდებლო ნორმების დახვეწით და პრაქტიკული განხორციელებით; საარჩევნო სუბიექტებისთვის თანასწორი შესაძლებლობების მიცემისა და საზოგადოების არჩევნებში დაუბრკოლებელი მონაწილეობის გარანტიების შექმნა; საჯარო სამსახურის რეფორმირება, მისი დეპოლიტიზაცია და ანგარიშვალდებულების გაზრდა.

ამოცანები

ა) საარჩევნო კანონმდებლობით ყველასთვის საარჩევნო უფლების რეალიზების და ნების თავისუფალი გამოვლენის თანასწორი შესაძლებლობების მიცემა;

ბ) არჩევნების ნებისმიერ ეტაპზე ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნა;

გ) პარტიების დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

დ) საარჩევნო სისტემის ფარგლებში ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა;

ე) საჯარო სამსახურის დეპოლიტიზება;

ვ) საჯარო სამსახურში ობიექტური და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, მერიტოკრატიის პრინციპის დაცვით მიღება;

ზ) პოლიტიკურ ცხოვრებაში და საჯარო სამსახურში ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის ხელშემწყობი გარემოებების აღმოფხვრა.

9. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვა

მიზანი

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ამოცანები

ა) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ზედამხედველობის სისტემის საერთაშორისო (მათ შორის, ევროპულ) სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება მათ მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის თავიდან ასაცილებლად;

გ) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მექანიზმებისა და შესაბამისი ორგანოების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა.

10. გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მაღალი სტანდარტით დაცვის გარანტიების შექმნა

მიზანი

ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტებით დაცული გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიის შექმნა, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების სათანადო რეალიზებისათვის გარემოს შექმნა, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისაგან დაცვა; შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა დაცვა და ამ მიზნით სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შესრულება.

ამოცანები

ა) გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისათვის ხელის შეშლის ფაქტების აღკვეთა და თავიდან აცილება;

ბ) საჯარო ინფორმაციის ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება და მისი დარღვევის თავიდან აცილება;

დ) სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება ხელისუფლების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად პოზიტიური ვალდებულების სათანადოდ შესრულებისათვის.

11. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა

მიზანი

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა, ისე, რომ დაცული იყოს ადამიანის შინაგანი თავისუფლება და მას ჰქონდეს გამოხატვის შესაძლებლობა.

ამოცანები

ა) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად;

ბ) რელიგიური გაერთიანებების მიერ საკუთარი საქმიანობის შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

გ) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის თავიდან აცილებისა და ეფექტიანი გამოძიების მიზნით.

12. თანასწორობის უფლების უზრუნველყოფა და უმცირესობათა უფლებების დაცვა

მიზანი

საზოგადოებაში შემწყნარებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილება და დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა, აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნეული დისკრიმინაციის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა და სამოქალაქო ცხოვრებასა და სახელმწიფო მართვაში უმცირესობების ინტეგრაცია.

ამოცანები

ა) ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში;

გ) სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა;

დ) დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად;

ე) დისკრიმინაციის მსხვერპლისთვის დარღვეული უფლების აღდგენის უზრუნველყოფა;

ვ) ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების ქართული ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობათა მონაწილეობის ხელშეწყობა;

თ) თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება.

13. ბავშვთა უფლებების რეალიზება, მათ შორის, ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემების გაუმჯობესებით, სოციალური მომსახურების განვითარებით, სიღარიბისა დასიკვდილიანობის შემცირებით და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფით

მიზანი

ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემების გაუმჯობესება, სოციალური მომსახურების განვითარება, სიღარიბისა და სიკვდილიანობის შემცირება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

ამოცანები

ა) ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს მათი „საუკეთესო ინტერესების“ გათვალისწინება;

ბ) ნებისმიერი სახის ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის უზრუნველყოფა და ძალადობის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება;

გ) ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარება;

დ) ბავშვთა სოციალური მომსახურების სისტემის განვითარება;

ე) განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ბავშვებისთვის (მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის) ხარისხიანი განათლების მიცემის შესაძლებლობას შექმნის;

ვ) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოწყვლადი ბავშვების რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად;

ზ) ბავშვზე ორიენტირებული სარგებლის შემოღება;

თ) ბავშვთა ოჯახსა და ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გაზრდა და განვითარება;

ი) ღონისძიებების განხორციელება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის უზრუნველსაყოფად.

14. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალთა უფლებების დაცვა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

მიზანი

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი შედეგების აღმოფხვრა.

ამოცანები

ა) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით – პოლიტიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ბ) გენდერული თანასწორობის დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება;

გ) ქალთა ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და სამართლებრივი ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;

დ) გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

ე) ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

15. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი უფლებების სხვების მსგავსად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა გონივრული მისადაგებისპრინციპის დაცვით

მიზანი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სხვების თანაბარი შესაძლებლობების განხორციელების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფა.

ამოცანები

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა გონივრული მისადაგების პრინციპის საფუძველზე, მათი საჭიროებების გათვალისწინებით;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსების დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა;

გ) საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილი მონაწილეობა;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებისა და სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

16. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვა

მიზანი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და საზოგადოებაში რეინტეგრაცია, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დასაბრუნებლად ყველა შესაძლო ზომის მიღება, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით.

ამოცანები

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დასაბრუნებლად ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება;

ბ) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა საცხოვრებელი პირობებისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;

გ) იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა მიერ მათთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვის და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

17. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დასაცავად ყველა შესაძლო ზომის მიღება, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივისაერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით

მიზანი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, სახელმწიფოს მიერ ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად.

ამოცანა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დასაცავად ყველა შესაძლო ზომის მიღება, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით.

18. საკუთრების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვა

მიზანი

საკუთრების უფლების დასაცავად მაღალი სტანდარტების დანერგვა.

ამოცანები

ა) საკუთრების უფლების დაცვის საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწა;

ბ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევისას კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესების დაცვა;

გ) მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ყოველი კონკრეტული საქმის საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად, კანონის შესაბამისად მიღება.

19. შრომის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა

მიზანი

შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შრომის უფლებების ამ კანონმდებლობის საფუძველზე დაცვა.

ამოცანები

ა) შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება;

გ) შრომის უფლებების დასაცავად ინსტიტუციური მექანიზმების არსებობა.

20. ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით – მოწყვლადი ჯგუფებისთვის

მიზანი

ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით – მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ამოცანები

ა) ჯანმრთელობის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოში არსებული რესურსების შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური კონცენტრირება;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის უფლების ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფა;

გ) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

21. სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება

მიზანი

სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება და უსახლკარობის პრობლემის გადაჭრა.

ამოცანები

ა) სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოში არსებული რესურსების შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური კონცენტრირება;

ბ) სათანადო საცხოვრებლის უფლების ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფა;

გ) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება მოწყვლადი ჯგუფებისთვის სათანადო საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;

დ) სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობისა და სახელმწიფო საბინაო სტრატეგიის შექმნა, რომელიც ყველა ჯგუფის ინტერესებს გაითვალისწინებს;

ე) უსახლკაროთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა;

ვ) მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა.

22. მიგრანტთა და თავშესაფრის მქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფა

მიზანი

მიგრანტების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, მათი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან დაცვა და შრომის უფლებების უზრუნველყოფა, აგრეთვე მიგრანტებისათვის მომსახურების (მათ შორის, ემიგრანტებისათვის სარეინტეგრაციო მომსახურების) გაუმჯობესება და მათი ტრეფიკინგისაგან დაცვა; „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.

ამოცანები

ა) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს მიგრაციის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესასრულებლად;

ბ) უკანონო მიგრაციის თავიდან აცილება;

გ) მიგრანტთა ტრეფიკინგის თავიდან აცილება, ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლენა და მათთვის სათანადო მომსახურების მიწოდება;

დ) ღონისძიებების განხორციელება თავშესაფრის მქონე პირთა მიერ ჯანმრთელობის დაცვის უფლებისა და განათლების უფლების რეალიზებისათვის;

ე) თავშესაფრის მქონე პირთა გადაადგილების უფლების დაცვა.

23. ადამიანის ეკოლოგიური უფლებების უზრუნველყოფა

მიზანი

ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის შინასახელმწიფოებრივი სამართლებრივი გარანტიების განმტკიცება გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის საჯაროობის მექანიზმების გაუმჯობესებით და გარემოსდაცვით სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სამართლებრივი კრიტერიუმების დანერგვით, აგრეთვე გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ამოცანები

ა) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად;

ბ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის საჯაროობის და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესება საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად;

გ) გარემოსდაცვით სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად;

დ) გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სტრატეგიის შესრულების და მისი მონიტორინგის მექანიზმები

ამ სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად იქმნება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014-2015 წლებისთვის), რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის შესასრულებელ კონკრეტულ სამუშაოებს, მათი შესრულების ვადებს, ინდიკატორებს და შესრულებისთვის პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. გეგმის მოქმედების პერიოდში მისი შესრულებისთვის პასუხისმგებელი ინსტიტუტები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წელიწადში ერთხელ წარუდგენენ შესრულებული სამუშაოების შუალედურ ანგარიშს. ამ ანგარიშების და სხვა მექანიზმების მეშვეობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სამოქმედო გეგმის შესრულების პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებს. გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამზადებს მისი შესრულების ერთიან შემაჯამებელ მოხსენებას და მას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

სამოქმედო გეგმის შესრულების ერთიანი შემაჯამებელი მოხსენება მისი შესრულების პერიოდული მონიტორინგის შედეგებს უნდა ასახავდეს და შესაბამის რეკომენდაციებს უნდა შეიცავდეს.

სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ხარისხობრივი კრიტერიუმები საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგად და თემატურ მოხსენებებსა და რეკომენდაციებს უნდა ემყარებოდეს. გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული სუბიექტების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ზოგად და თემატურ საკითხებზე როგორც საანგარიშო პერიოდის დასაწყისში, ისე მისი ამოწურვისას გამოთქმული მოსაზრებები.

სამოქმედო გეგმის შესრულების რაოდენობრივი კრიტერიუმებით შესაფასებლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და დაინტერესებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებენ და საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, მარტში წარუდგენენ სათანადო თემატურ სტატისტიკურ პარამეტრებს, რომლებიც სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესულ და პრობლემურ მხარეებს გამოავლენს.

2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნულ შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით ახალი სამოქმედო გეგმა შეიქმნება.