ხშირად დასმული კითხვები

რა არის დისკრიმინაცია ?

დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. 

საქართველოში მოქმედებს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანიცაა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
 

ვის შეიძლება მივმართო, თუ ვთვლი, რომ გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი?

  • ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
  • ნებისმიერ პირს, ასევე უფლება აქვს მიმართოს სახალხო დამცველს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე. სახალხო დამცველისათვის მიმართვის წესი განისაზღვრება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით.
     

რა შედეგებით მთავრდება საქმის განხილვა სახალხო დამცველის მიერ?

საქართველოს სახალხო დამცველი:

  • ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;
  • რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
  • შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
  • თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება.
     

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახალხო დამცველისათვის წარსადგენი განცხადება/საჩივარი?

პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს:

  • სახელი, გვარი;
  • დაბადების თარიღი;
  • პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ–ფოსტა);
  • თუ ასეთი არსებობს, წარმომადგენლის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და რწმუნებულება;
  • პირი, რომელმაც ჩაიდინა ან ჩადის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება სახელისა და გვარის/სახელწოდების და რეგისტრაციის მისამართის მითითებით );
  • ფაქტების დეტალური აღწერა, რომლებიც ადასტურებენ დისკრიმინაციას (სასურველია თან ერთვოდეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დისკრიმინაციის ფაქტებს);
  • ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა; 
  • ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება და რა ეტაპზეა წარმოება განაცხადის/საჩივრის შეტანის მომენტში;
  • ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე სასამართლო წარმოება და რა ეტაპზეა წარმოება განაცხადის/საჩივრის შეტანის მომენტში;
  • ხომ არ მიუმართავს განაცხადის/საჩივრის ავტორს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმებისთვის და რა ეტაპზეა წარმოება განაცხადის/საჩივრის შეტანის მომენტში;
  • ხელმოწერა განცხადების/საჩივრის ავტორის ან ავტორების ან მათი წარმომადგენლის მიერ.
  • თანდართული დოკუმენტების სია.
  • იმ შემთხვევაში თუ განცხადება/საჩივარში არაა მითითებული შესაბამისი ინფორმაცია, პირს განესაზღვრება ვადა ხარვეზის შესავსებად.
     

როგორ არის გადანაწილებული მტკიცების ტვირთი სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის დროს?

პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, და უნდა წარადგინოს შესაბამისი მასალები.
აღნიშნულის შემდეგ სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
 

რა უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს სახალხო დამცველს?

საქართველოს სახალხო დამცველი:

  • განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;
  • შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;
  • ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
  • შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
  • იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;
  • დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
  • უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
  • აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;
  • ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;
  • დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საერთაშორისო სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ვის შეუძლია სახალხო დამცველისთვის განცხადებით/საჩივრით მიმართვა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით?

საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ან პირთა ჯგუფის (საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა) განცხადებას/საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.

რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციულ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით?

ნებისმიერი ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (მათ შორის, პროკურატურის, საგამოძიებო, სასამართლო ორგანო) ვალდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით დადგენილი წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

რა ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ დაწესებულებებს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად?

დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:

  • თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
  • სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;
  • დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
     
˄