ხშირად დასმული კითხვები

ვინ ითვლება ბავშვად?

ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ადამიანი (არასრულწლოვანი). 7-წლამდე ასაკის ბავშვი ქმედუუნაროა, ხოლო 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი კი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა. შესაბამისად, ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვისა საკითხებში ბავშვს წარმოადგენენ მშობლები, ან სხვა კანონიერი წარმოამდგენლები. 

რა უფლებები აქვთ ბავშვებს?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვს აქვს:

  • სიცოცხლისა და ჯანსაღი განვითარების უფლება;
  • მოქალაქეობის უფლება;
  • ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლება;
  • დამცირების, სასტიკი მოპყრობისა და დასჯისგან თავის დაცვის უფლება;
  • ოჯახში აღზრდის და მშობლებთან კონტაქტის უფლება (მათთან განშორების შემთხვევაში); 
  • საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლება;
  • ინფორმაციის მოძიების, მიღების და გავრცელების თავისუფლება;
  • აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
  • გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება;
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება;
  • განათლების უფლება;
  • ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონის უფლება;
  • სოციალური უზრუნველყოფის უფლება;
  • დასვენებისა და თავისუფალი დროის უფლება.
     

რა როლი ეკისრება მშობლებს და ოჯახს ბავშვის აღზრდაში?

ოჯახსა და მშობლებს აკისრიათ უმთავრესი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. ორივე მშობელს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის.

მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.   მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს. 
 

რა როლი ეკისრება სახელმწიფოს ბავშვთა უფლებების დაცვაში?

სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომა, რათა შექმნას პირობები ბავშვთა უფლებების განხორციელებისათვის. 

სახელმწიფო დახმარებას უწევს მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს ბავშვის აღზრდაში. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვე სათანადო ზრუნვა ხდებოდეს და უნდა დაიცვას ბავშვი მშობლებისა თუ მასზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა ადამიანის მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან.

თუ ბავშვი მოკლებულია ოჯახის ზრუნვას, სახელმწიფო უწევს მას განსაკუთრებულ მფარველობას და დახმარებას. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთათვის.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ისეთი შრომისგან, რომელმაც შეიძლება ავნოს მის ჯანმრთელობას ან განვითარებას, ხელი შეუშალოს მის განათლებას ან გამოიწვიოს ბავშვის ექსპლუატაცია სხვა ადამიანების მხრიდან.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან, სექსუალური ექსპლუატაციისგა, მოტაცებისგან, გაყიდვისა და სხვა ქვეყნებში ექსპლუატაციის მიზნით წაყვანისგან, ასევე - წამებისა და ღირსებისშემლახველი მოპყრობისაგან.
 

როგორ ზრუნავს სახელმწიფო ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე?

საქართველოში მოქმედებს “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთათვის განკუთვნილი ქვეპროგრამები:

  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა;
  • დღის ცენტრების ქვეპროგრამა;
  • დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
  • მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა;
  • მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა;
  • მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;


საქართველოს მთავრობა “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას” ყოვეწლიურად ამტკიცებს. დეტალური ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ტელეფონი:  15 05, ვებგვერდი: http://ssa.gov.ge 

როგორ ზრუნავს სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე?

საქართველოში მოქმედებს “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი ქვეპროგრამები:

  • ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა;
  • ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა;
  • დამხმარე საშუალებებით (სავარძელ-ეტლებით; საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით; სმენის აპარატებით, კოხლეარული იმპლანტით; ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით) უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
  • ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
  • მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა;
  • მძიმე და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა.

საქართველოს მთავრობა “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას” ყოვეწლიურად ამტკიცებს. დეტალური ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ტელეფონი:  15 05, ვებგვერდი: http://ssa.gov.ge 

როგორ უნდა მოვიქცე, თუ ვხედავ, რომ ბავშვი მათხოვრობს, უმეთვალყურეოდ არის დარჩენილი ან სძინავს ქუჩაში?

დარეკეთ და შეატყობინეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე 1505, თუ ხედავთ, რომ ბავშვი არის უმეთვალყურეოდ ქუჩაში; მათხოვრობს ან ვაჭრობს მარტო, ან ზრდასრულ პირთან ერთად; დღისით ან ღამით სძინავს ქუჩაში; არის სასკოლო ასაკის, მაგრამ დღის განმავლობაში მას ხშირად ხვდებით ქუჩაში.

რა შემთხვევაში მიიჩნევა ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლად?

ბავშვი მიიჩნევა ოჯახში ძალადობის მსხვერპლად, თუკი ოჯახის წევრი არღვევს ბავშვის კონსტიტუციურ უფლებებისა და თავისუფლებებს ისეთი ფორმებით, როგორებიცაა უგულებელყოფა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა ან იძულება.   

მსხვერპლად მიიჩნევა არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია, კერძოდ, როცა მშობლები ან სხვა კანონიერი წარმომადგენლები არ აკმაყოფილებენ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებს, არ იცავენ ბავშვს საფრთხისგან, უზღუდავენ ბავშვს საბაზისო განათლების უფლებას, არ ახორციელებენ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელ მოქმედებებს.

მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა.

როგორც იცავს კანონმდებლობა ბავშვს, თუ ის გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი?

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვი მშობლებისა თუ მასზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა ადამიანის მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან. 

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები”, რომელთა მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა. აღნიშნული პროცედურების ფარგლებში კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ: ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას; ბავშვის მდგომარეობის შეფასებას; ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას; საჭიროების შემთხვევაში, მოძალადისაგან ბავშვის განცალკევებას; ძალადობის შემთხვევაზე ზედამხედველობას.

ბავშვის მიმართ ძალადობისას, მსხვერპლის დაცვა და დახმარება უმთავრესად პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობას განეკუთვნება. თუმცა ნებისმიერი პირი ან უწყება, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ბავშვთან, ვალდებულია აცნობონ პოლიციას ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ.

პოლიცია:  ოპერატიულად რეაგირებს ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენაზე; აღკვეთს ბავშვზე ძალადობის ფაქტებს; სოციალურ მუშაკთან ერთად აღასრულებს ოჯახისგან (მოძალადისგან) ბავშვის განცალკევების გადაწყვეტილებას; გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვის გადაყვანას  სამედიცინო დაწესებულებაში; გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ.

სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს: ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასებას; შემთხვევის მართვას; კონსულტირებას; საჭირო მომსახურებებში ბავშვის განთავსებას; ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას.
 

რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნო, რომ ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი?

ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო შეიძლება იყოს ერთ-ერთი, ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან:

  • ბავშვზე სხეულის დაზიანებების ნიშნების არსებობა (სილურჯეები, ახალი ჭრილობები, ახალი ნაკაწრები, ახალი იარები, გაძნელებული სიარული, შეშუპებული სხეულის ნაწილები, მოტეხილობები);
  • ბავშვის საეჭვო ქცევა (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სკოლაში სიარული, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ სწავლობს, მოუვლელია, არ უნდა სახლში დაბრუნება, ასაკის შეუფერებლად სექსუალურია, აქვს სექსის შესახებ ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, ვერ ხსნის ტრავმის მიზეზებს).
     

ვის უნდა მივმართო, თუ შევიტყვე, რომ ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი?

ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ უწყებებს:

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს „ცხელი ხაზი“ - 15-05;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 116-006;
  • ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 2 100 229;
  • საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერი - 112.
     

რა მიდგომები აქვს სახელმწიფოს იმ ბავშვის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გახდა დანაშაულის მსხვერპლი ან შეესწრო დანაშაულს?

საქართველოში 2016 წლიდან მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის, არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებულ სტანდარტებს აწებს. 

კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. კოდექსი უპირატესობა ანიჭებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არასრულწლოვნის განრიდებას და ითვალისწინებს აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენებას.

არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. 

სავალდებულოა, რომ არასრულწლოვან ბრალდებულს და დაზარალებულს ჰყავდეს ადვოკატი. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული/დაზარალებულს არ აქვს საშუალება დაიქირავოს ადვოკატი, მას, სავალდებულო დაცვის ფარგლებში, სახელმწიფო უნიშნავს “იურიდიული დახმარების სამსახურის” ადვოკატს. 

არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები ვრცელდება ასევე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებულებზეც. 

˄