სიახლეები

2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიების განხილვა


23 იანვარი 2018 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიების განხილვა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა" და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები განიხილეს. 

შეხვედრას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების მიზნების, ამოცანების, ინდიკატორებისა და საქმიანობების გაცნობის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი რეკომენდაციები წარედგინათ. შენიშვნები და მოსაზრებები მათ სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსიების განხილვებზეც დააფიქსირეს.

"ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა" და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების დამტკიცება თებერვალში იგეგმება.

სამთავრობო სამოქმედო გეგმების დამტკიცება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის, ისევე როგორც, დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალების საჭიროებებზე მიმართული ერთიანი და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

უკან
დაწერე კომენტარი
˄