სიახლეები

შეხვედრა სომხეთის დელეგაციასთან


22 ივლისი 2015 შეხვედრა სომხეთის დელეგაციასთან

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი, ნატალია ჯალიაშვილი და იუსტიციის სამინისტროს საჯარო საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა ძამაშვილი სომხეთის დელეგაციას შეხვდნენ.

სომხეთის დელეგაციაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო სომხეთის მხარისთვის დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება. დელეგაციის წევრებს განსაკუთრებით აინტერესებდათ, აღნიშნული მიმართულებით სქართველოს კანონმდებლობა და პოლიტიკა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმებსა და გარანტიებს.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კანონის შემუშავების პროცესზე და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლება კი ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, სამთავრობო სამოქმედო გეგმასა და მათი შესრულების უზრუნველყოფის საკოორდინაციო მექანიზმებზე. დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებით. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ გააცნეს, როგორც ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები, ისე მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული სხვადასხვა მექანიზმების საქმიანობა.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄