სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა


01 აპრილი 2015 ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე აღინიშნა სამოქმედო გეგმის შესრულების პოზიტიური დინამიკა და შეჯამდა 2014 წლის უმნიშვნელოვანესი მიღწევები.

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინფორმაციით, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. სხვადასხვა სექტორებში მიმდინარე წარმატებული საქმიანობის კოორდინირებისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ გასული წლის ივლისში დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომელიც ორ წელიწადზე გაწერილი, მუდმივად განახლებადი დოკუმენტია და მოიცავს იმ ძირითად გამოწვევებს რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. 

აღსაღნიშნავია, რომ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, ბატონი თომას ჰამარბერგის ყველა რეკომენდაცია. ასევე საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციები. 

„ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა" წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ ა.წ. აპრილში დამტკიცებული „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014-2020" აღსრულების მექანიზმს. სტრატეგიაში დეტალურად არის გაწერილი სახელმწიფოს გრძელვადიანი ხედვა და პრიორიტეტები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების აშენების, კანონის უზენაესობის პრინციპების განმტკიცების, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, უმცირესობისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის კუთხით. 

2014 წლის 9 ივლისს, საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან ერთად, დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც წარმოადგენს გეგმის შესრულების გარანტს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. 

საბჭო ვალდებულია ყოველი წლის მარტის თვეში პარლამენტს წარუდგინოს სტრატეგიის აღსრულების ანგარიში. 
მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, რომელიც პასუხისმგებელია უწყებებს შორის ეფექტურ კოორდინაციასა და სამოქმედო გეგმის აღსრულების დეტალურ მონიტორინგზე. 

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო ფასილიტაციას უწევს 9 თემატური სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირებას. აღნიშნული ჯგუფების შეხვედრები ტარდება 6 კვირის ინტერვალით, მასში მონაწილეობას იღებენ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ამ დროისათვის 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საქართველოში არსებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა. 

აპრილისა და ივლისის თვეებში სამდივნო გეგმავს რეგიონებში მუშაობის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების, ასევე, ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის პოპულარიზაციის კუთხით. 

სხდომის დასაწყისში მთავრობის მეთაურმა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ გასულ წელს, პროცესში ჩართული იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამარბერგი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას. ეს არის სახელმწიფოს მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულება და საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი სტანდარტების დასამკვიდრებლად,"-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, სამთავრობო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, რომელშიც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები და ორასამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.

„სამოქალაქო სექტორი ითხოვს პასუხებს სამთავრობო უწყებებისგან და ხშირად იმართება ცხარე დისკუსია სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რაც არის ძალიან კარგი. მესმის, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება იმ ხარისხის პასუხის გაცემა, რასაც არასამთავრობოები ითხოვენ, მაგრამ პასუხები არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს გაძლიერებასა და სამოქმედო გეგმით გაწერილი საქმიანობების შესრულების მონიტორინგს.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) შუალედური ანგარიში, რომელიც საბჭოზე დამტკიცების შემდეგ წარედგინება პარლამენტს.


 

უკან
დაწერე კომენტარი
˄