სიახლეები

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ინიციატივით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა


03 დეკემბერი 2021 გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ინიციატივით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ინიციატივით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვოუტოვა, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გატარებული ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. სხვა საკითხებთან ერთად, ნიკო თათულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) საქართველოში ვიზიტსა და მის მნიშვნელობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე ისაუბრა სტამბოლის კონვენციის პრინციპების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვა სახელმწიფო უწყებებში აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

უკან
დაწერე კომენტარი
˄