სიახლეები

ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა


07 დეკემბერი 2021 ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 7 დეკემბერს, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კოორდინაციის საკითხის, არსებულ ვითარების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა.

აღნიშნული შეხვედრის ორგანიზების აუცილებლობა უწყებათაშორისი კომისიის ამ წლის 11 ნოემბერს გამართული სხდომის შედეგად გამოიკვეთა.

ღონისძიებაზე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, მიმოიხილა გენდერული თანასწორობის მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მუნიციპალიტეტებში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობის პროგრესზე, არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამომავლო გეგმების დასახვის აუცილებლობასა და მათი კოორდინირებული განხორციელების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში შედგა. მას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები.

ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია, რელევანტურ უწყებებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კი ადგილობრივ თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება და კოორდინირებული საქმიანობა წარმოადგენს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄