სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა


30 მაისი 2022 მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის მთავარ საკითხს ქალთა მიმართ ძალადობა წარმოადგენდა.

სხდომა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი უძღვებოდა.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება მიმართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში არსებული ძალადობის აღმოფხვრის მიზნით და დადებითი ტენდენცია შეინიშნება საზოგადოებაში ძალადობის მიუღებლობის მიმართულებითაც.

მიუხედავად ამისა, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების სიმძიმემ, სამწუხაროდ ცხადყო არამარტო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გაძლიერების საჭიროება, არამედ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის გაზრდის აუცილებლობა დანაშაულის პრევენციის და მასზე რეაგირების პროცესში.

კომისიის წევრებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო და გამოკვეთეს პრევენციული ზომების გაძლიერების აუცილებლობა, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ძალადობის ფაქტების შემცირებას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, მათ შორის, სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის გზით.

კომისიის სხდომის ფარგლებში, აღინიშნა, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დიდ მნიშვნელობას ატარებს ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური მექანიზმების გაუმჯობესება და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება.

თავის მხრივ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში მუნიციპალიტეტების გაძლიერება და ერთობლივი, კოორდინირებული ღონისძიებების გატარება აუცილებელი კომპონენტია. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც თავისი არსით ხელს შეუწყობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობის პროცესს.

სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა ასევე მიმოიხილეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა მედია-გაშუქების სტანდარტების დაცვის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ საკითხის სპეციფიკურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, მედია საშუალებების მხრიდან დაცული იყოს გაშუქების უმაღლესი სტანდარტები, იმისთვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რაოდენობის ზრდას.

კომისიის სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო არსებულ სახელმწიფო სერვისებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, მათ შორის დადებითად შეფასდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა.

გენდერული თანასწორობის კომისიამ იმსჯელა სამომავლო გეგმებზე, რომელიც შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით აქტიურად გაგრძელდება.

უკან
დაწერე კომენტარი
˄