სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაში - ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები”


10 მაისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაში - ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები”.

კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე, არსებული გამოწვევებისა და სამოქმედო ნაბიჯების შესახებ მსჯელობას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება ათეა-ს პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა - კახა კალაძემ გახსნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - ირაკლი ზარქუამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - კაორი იშიკავამ.

აღსანიშნავია, რომ ამავე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური მექანიზმების გაუმჯობესებასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას.

დოკუმენტი, ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას მუნიციპალიტეტების საკრებულოს ფარგლებში მოქმედი თანასწორობის უზრუნველმყოფი მექანიზმების, მათ შორის, გენდერული თანასწორობის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობასა და ადგილობრივ დონეზე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, ისე სამთავრობო სამოქმედო გეგმების ლოკალიზაციისა და განხორციელების პროცესის ხელშეწყობას.

უკან
დაწერე კომენტარი
˄