სიახლეები

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის ფორმატში (PCSC) ნატოს შტაბ-ბინაში სხდომა გაიმართა


28 სექტემბერი 2022 საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის ფორმატში (PCSC) ნატოს შტაბ-ბინაში სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ქალაქ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის ფორმატში (PCSC). სხდომაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ისაუბრა საქართველოში ძირითადი უფლებების და თავისუფლების დაცვის საკითხებზე. მომხსენებელმა სხვა საკითხებს შორის, ყურადღება დაუთმო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს, მიღწევებსა და გამოწვევებს. ძირითადი განსახილველი საკითხები შეეხო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პროგრესს, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, ბავშვთა უფლებებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს.

ამასთან, სხდომის მონაწილეებს ნიკო თათულაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს.

თავის მხრივ, მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ამომწურავი ინფორმაციისთვის და გამოთქვეს მზაობა მხარდაჭერის გაგრძელების და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ნატოს მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ამ სფეროში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

უკან
დაწერე კომენტარი
˄