დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის, მთავრობის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტებზე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“.
აღნიშნული სამოქმედო გეგმების პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მთავრობის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა წარუდგინა.
გეგმების შემუშავების პროცესს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, კოორდინაციას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ინტენსიურ სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ როგორც დარგობრივი სამინისტროები და მუნიციპალიტეტები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების დამტკიცებული სამოქმედო გეგმა აერთიანებს მოქმედების 4 სფეროს: პირველი სფერო მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებს; მე-2 სფერო ეხება ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერისათვის აუცილებელ ღონისძიებებს; მე-3 სფეროში გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ზომები; ხოლო მე-4 სფერო ინტეგრირებული პოლიტიკის და მონაცემების შეგროვების საკითხებს ფარავს.
რაც შეეხება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას, ის მოქმედების 3 სფეროს მოიცავს: მოქმედების I სფერო აერთიანებს ქალთა მონაწილეობის საკითხებს მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების პროცესებში; მოქმედების II სფერო ფარავს ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის ღონისძიებებს. ხოლო მოქმედების III სფერო ითვალისწინებს ქალთა გაძლიერებსა და დაცვისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.