სიახლეები

რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში


28 ნოემბერი 2022 რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში

2022 წლის 23-24 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში. განხილვაში მონაწილე უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე. განხილვა წარიმართა დიალოგის რეჟიმში. საქართველოს დელეგაციამ, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე, რომელიც მოიცავდა საკითხთა ფართო სპექტრს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის, დისკრიმინაციასა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. კომიტეტის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით გაწეული სამუშაოს შესახებ.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გაამახვილა ყურადღება ეთნიკური ჯგუფებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ ქართული ენის სწავლებას, დასაქმების ხელშეწყობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენლების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას.

კომიტეტის მხრიდან დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები. ხაზი გაესვა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების მნიშვნელობას. ამასთანავე, აღინიშნა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გაუმჯობესებას. განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

უკან
დაწერე კომენტარი
˄