ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წლებისთვის) სამომავლო ხედვის და პერსპექტივების შესახებ მსჯელობა გაიმართა.
ღონისძებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე დისკუსიის პროცესში აღნიშნა, რომ სტრატეგია წარმოადგენს კომპლექსურ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგ ფუნდამენტურ საფუძვლებს: სწრაფვა ინსტიტუციური დემოკრატიისკენ, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბარი სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგია ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვაზე, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ამრიგად, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა დიდ მნიშვნელობას ატარებს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს დადგენილებას, სადაც სტრატეგიასთან დაკავშირებით გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები აისახება.
“ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენი მოვალეობების შესრულების დროს უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით” - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა.