სიახლეები

ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ერთდღიანი კონფერენცია გაიმართა


13 თებერვალი 2023 ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ერთდღიანი კონფერენცია გაიმართა

ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სასტუმრო პულმან აქსის პალასში, გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ექსპერტთა ჯგუფისა და მხარეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების განხილვას და მათ შესასრულებლად პრაქტიკული გზების დასახვას. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები. კონფერენციას დაესწრო ექსპერტთა ჯგუფის წევრი, რომელმაც შეაფასა საქართველოში განხორციელებული მონიტორინგის პროცესი და ისაუბრა გაცემული რეკომენდაციების შესახებ.

მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ძალადობის, მასზე სამართლებრივი რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმები, ძალადობისგან დაცვის და დახმარების სერვისები; ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი მხარეების მიერ სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს; ის აფასებს სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებს და გასცემს რეკომენდაციებს კონვენციის მოთხოვნების შესრულებასთან მიმართებით. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე კონვენციის მხარეთა კომიტეტი ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სახელმწიფოს მიმართ.

საქართველომ ექსპერტთა ჯგუფს პირველი ანგარიში 2020 წლის 11 დეკემბერს წარუდგინა. 2021 წლის დეკემბერში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების შედეგად, ჯგუფმა შეფასების ანგარიში 2022 წლის 22 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ამასთანავე, აღნიშნულია ის გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც სახელმწიფოს მუდმივ ძალისხმევას საჭიროებს.

2022 წლის 12 დეკემბერს მხარეთა კომიტეტმა ასევე გამოაქვეყნა ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებით. სახელმწიფოს აქვს სამი წელი რეკომენდაციების შესრულებისა და მხარეთა კომიტეტისთვის ანგარიშის წარდგენისთვის, რის შემდეგაც კომიტეტი შეაფასებს სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს და გასცემს რეკომენდაციებს შემდგომი ნაბიჯების თაობაზე.

უკან
დაწერე კომენტარი
˄