22 და 23 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა.
კომისიაზე განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი, რომელიც სახელმწიფო უწყებების ჩართულობითა და ადგილობრივი ექსპერტის დახმარებით შემუშავდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა წარმოადგინეს შენიშვნები დოკუმენტთან დაკავშირებით და მათ მიეცათ ვადა წერილობით პოზიციის გაზიარებისთვის. გეგმის შემუშავების ვალდებულება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობს.
სხდომაზე გაიმართა დისკუსია სექსუალური შევიწროების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერების შესახებ, განხილულ იქნა ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები.
ასევე, ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 22 იანვარს დამტკიცებულ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნულ მექანიზმზე (რეფერალზე).
შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეფერირების მექანიზმიდან გამომდინარე ვალდებულებების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.