2025 წლის 18 ნოემბერს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვის უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა, ნიკო თათულაშვილმა გახსნა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სხვა სახელმწიფო უწყებების და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე განხილული იქნა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2026-2030 წლების საქართველოში განსახორციელებელი პროგრამა და სამოქმედო გეგმები.
დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ პროგრესს, მათ შორის ბავშვის ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვას, მულტიდისციპლინური სერვისების დანერგვას, ძალადობის პრევენციის საკითხებს, მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობას, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას და სხვა.
დისკუსიის ბოლოს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, იესპერ მოლერმა ხაზი გაუსვა მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის აუცილებლობას.
დასასრულს კომისია შეთანხმდა ინიციატივაზე — ყოველწლიურად გაიმართოს შეფასებითი შეხვედრები, სადაც განიხილება მიღწეული შედეგები და განისაზღვრება მომდევნო წლის პრიორიტეტები.