სიახლეები

2025 წლის 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის და საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა


04 დეკემბერი 2025 2025 წლის 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის და საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით, 2025 წლის 3 დეკემბერს, გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტისა და კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის მოადგილე, შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) პირები და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებმა; გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა ინფორმაცია ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის მიმდინარეობის,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიებსა და სტაციონარებში არსებულ სერვისებზე მისაწვდომობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელი დამხმარე საშუალებებითა და მოწყობილობებით  უზრუნველყოფის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში არსებულ პროგრესზე და გამოწვევებზე.  

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ დამსწრეებს გააცნო სიახლეები განათლების სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, მათ შორის, სამინისტროს სისტემაში ინკლუზიური განათლების სტრუქტურიზაციის საკითხებზე, სკოლების ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის ზრდაზე და ინკლუზიურ განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ  საკითებზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მინისტრის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე, რომელიც, მათ შორის, ფოკუსირებულია ეთნიკური უმცირესობების სოციალური უფლებების რეალიზებაზე.

შეხვედრის მესამე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რა დროსაც შშმ საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა გააკეთეს კომენტარები/აღნიშვნები, დასვეს შეკითხვები და მოისმინეს უკუკავშირი.

დასკვნით ნაწილში, საკოორდინაციო კომიტეტისა და საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ თანამშრომლობის ახალი ფორმატების შექმნაზე.

უკან
დაწერე კომენტარი
˄