ხშირად დასმული კითხვები

რა არის ოჯახში ძალადობა?

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

რა არის ქალთა მიმართ ძალადობა?

ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

ძალადობის რა ფორმები არსებობს?

ფიზიკური ძალადობა: ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ფსიქოლოგიური ძალადობა: შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს;

ეკონომიკური ძალადობა: ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვაპირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლებით შეზღუდვას;

სექსუალური ძალადობა: სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

იძულება: ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება, ან რომლისგან თავის შეკავება, მისი უფლებაა, ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

უგულებელყოფა: მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა მაშინ, როდესაც მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელიც მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.
 

ვინ ითვლება ოჯახის წევრად და სხვა პასუხისმგებელ პირად ოჯახში ძალადობის დროს?

ოჯახის წევრად ოჯახში ძალადობის დროს ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ასევე, პირი, რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე;

ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად?

მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა;

ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს
 

ვინ ითვლება მოძალადედ?

ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით; 

ვის ეკისრება ვალდებულება და ვის აქვს შესაბამისი ორგანოებისათვის ძალადობის ფაქტის შეტყობინების უფლება?

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანთა შემთხვევაში − აგრეთვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.

ვის აქვს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება?

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით მიმართვის უფლება აქვს პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისადა აღკვეთისათვის?

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება, თუ სამართალდარღვევა, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების შესაბამისად. 

საქართველოს კანონი, ოჯახური ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, იყენებს დამცავ და შემაკავებელ ორდერებს. 

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები. ეს ღონისძიებები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

შემაკავებელი ორდერი შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც, ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.

რა განსხვავებაა შემაკავებელ და დამცავ ორდერებს შორის?

შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი, უშუალოდ, ფაქტზე რეაგირების დროს (კონკრეტული ძალადობის ფაქტის დროს პოლიციის გამოძახებისას) გამოსცემს და იგი დაუყოვნებლივ შედის ძალაში. შემაკავებელი ორდერის ასლი, ასევე დაუყოვნებლივ ეგზავნება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

სასამართლო, უფლებამოსილი პირის განცხადების მიღებიდან, 10 დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. 

კანონის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან პირს, მსხვერპლის თანხმობით, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. აღნიშნულის თაობაზე ხსენებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასამართლოს.
 

რა ვადით გამოიცემა შემაკავებელი და დამცავი ორდერები?

დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების  კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში, და დამატებით – არა უმეტეს 3 თვისა, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე თუ მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს.
შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. 
 

რა სახის დახმარებითა და უფლებებით შეიძლება ისარგებლოს მსხვერპლმა?

  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო გამოცემული დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას − მასზე რეაგირების მოთხოვნით;
  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;
  • მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით;
  • ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;
  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით;
  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;
  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია;
  • „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;

რა უფლებები შეიძლება შეეზღუდოს მოძალადეს დამცავი ორდერის გამოცემით?

  • მსხვერპლთან, ან მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან მიახლოება;
  • თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა;
  • არასრულწლოვანთან ურთიერთობა;
  • იარაღის შეძენა, შეძენაზე ნებართვის მოპოვება, მათ შორის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით სარგებლობის უფლება.

 შესაძლოა, ორდერის გამოცემისას ერთდროულად დადგეს ყველა სახის შეზღუდვა.
 

რა სახის სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის?

სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემთხვევებში, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება; გაუპატიურება; თავისუფლების უკანონოაღკვეთა; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ან დაკარგვა და სხვა ამგვარი;

ასევე განსაზღვრულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და პირობების შეუსრულებლობისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

რა სახის სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის?

სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ზიანი.

რა სპეციფიკური ღონისძიებები გამოიყენება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის დასაცავად?

არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვანი განაცალკევოს. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.

არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი.

დაუშვებელია ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით;

დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა, ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში; ასევე, მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. 

არასრულწლოვნის (ბავშვის) მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ: სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
 

მსხვერპლის მოძალადისაგან განრიდების რა საშუალებები არსებობს?

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება.

არსებობს  კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ–სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.

ასევე, შესაძლებელია მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან იმ შემთხვევაშიც,როდესაცეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა.  

თუ თქვენ გახდით ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ძალადობის თაობაზე, გთხოვთ,  24 საათის განმავლობაში დარეკოთ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 116 006 ან 112
 

ვინ ითვლება ბავშვად?

ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ადამიანი (არასრულწლოვანი). 7-წლამდე ასაკის ბავშვი ქმედუუნაროა, ხოლო 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი კი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა. შესაბამისად, ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვისა საკითხებში ბავშვს წარმოადგენენ მშობლები, ან სხვა კანონიერი წარმოამდგენლები. 

რა უფლებები აქვთ ბავშვებს?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვს აქვს:

  • სიცოცხლისა და ჯანსაღი განვითარების უფლება;
  • მოქალაქეობის უფლება;
  • ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლება;
  • დამცირების, სასტიკი მოპყრობისა და დასჯისგან თავის დაცვის უფლება;
  • ოჯახში აღზრდის და მშობლებთან კონტაქტის უფლება (მათთან განშორების შემთხვევაში); 
  • საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლება;
  • ინფორმაციის მოძიების, მიღების და გავრცელების თავისუფლება;
  • აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
  • გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება;
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება;
  • განათლების უფლება;
  • ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონის უფლება;
  • სოციალური უზრუნველყოფის უფლება;
  • დასვენებისა და თავისუფალი დროის უფლება.
     

რა როლი ეკისრება მშობლებს და ოჯახს ბავშვის აღზრდაში?

ოჯახსა და მშობლებს აკისრიათ უმთავრესი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. ორივე მშობელს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის.

მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.   მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს. 
 

რა როლი ეკისრება სახელმწიფოს ბავშვთა უფლებების დაცვაში?

სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომა, რათა შექმნას პირობები ბავშვთა უფლებების განხორციელებისათვის. 

სახელმწიფო დახმარებას უწევს მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს ბავშვის აღზრდაში. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვე სათანადო ზრუნვა ხდებოდეს და უნდა დაიცვას ბავშვი მშობლებისა თუ მასზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა ადამიანის მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან.

თუ ბავშვი მოკლებულია ოჯახის ზრუნვას, სახელმწიფო უწევს მას განსაკუთრებულ მფარველობას და დახმარებას. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთათვის.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ისეთი შრომისგან, რომელმაც შეიძლება ავნოს მის ჯანმრთელობას ან განვითარებას, ხელი შეუშალოს მის განათლებას ან გამოიწვიოს ბავშვის ექსპლუატაცია სხვა ადამიანების მხრიდან.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან, სექსუალური ექსპლუატაციისგა, მოტაცებისგან, გაყიდვისა და სხვა ქვეყნებში ექსპლუატაციის მიზნით წაყვანისგან, ასევე - წამებისა და ღირსებისშემლახველი მოპყრობისაგან.
 

როგორ ზრუნავს სახელმწიფო ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე?

საქართველოში მოქმედებს “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთათვის განკუთვნილი ქვეპროგრამები:

  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა;
  • დღის ცენტრების ქვეპროგრამა;
  • დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
  • მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა;
  • მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა;
  • მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;


საქართველოს მთავრობა “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას” ყოვეწლიურად ამტკიცებს. დეტალური ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ტელეფონი:  15 05, ვებგვერდი: http://ssa.gov.ge 

როგორ ზრუნავს სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე?

საქართველოში მოქმედებს “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი ქვეპროგრამები:

  • ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა;
  • ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა;
  • დამხმარე საშუალებებით (სავარძელ-ეტლებით; საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით; სმენის აპარატებით, კოხლეარული იმპლანტით; ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით) უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
  • ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
  • მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა;
  • მძიმე და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა.

საქართველოს მთავრობა “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას” ყოვეწლიურად ამტკიცებს. დეტალური ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ტელეფონი:  15 05, ვებგვერდი: http://ssa.gov.ge 

როგორ უნდა მოვიქცე, თუ ვხედავ, რომ ბავშვი მათხოვრობს, უმეთვალყურეოდ არის დარჩენილი ან სძინავს ქუჩაში?

დარეკეთ და შეატყობინეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე 1505, თუ ხედავთ, რომ ბავშვი არის უმეთვალყურეოდ ქუჩაში; მათხოვრობს ან ვაჭრობს მარტო, ან ზრდასრულ პირთან ერთად; დღისით ან ღამით სძინავს ქუჩაში; არის სასკოლო ასაკის, მაგრამ დღის განმავლობაში მას ხშირად ხვდებით ქუჩაში.

რა შემთხვევაში მიიჩნევა ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლად?

ბავშვი მიიჩნევა ოჯახში ძალადობის მსხვერპლად, თუკი ოჯახის წევრი არღვევს ბავშვის კონსტიტუციურ უფლებებისა და თავისუფლებებს ისეთი ფორმებით, როგორებიცაა უგულებელყოფა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა ან იძულება.   

მსხვერპლად მიიჩნევა არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია, კერძოდ, როცა მშობლები ან სხვა კანონიერი წარმომადგენლები არ აკმაყოფილებენ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებს, არ იცავენ ბავშვს საფრთხისგან, უზღუდავენ ბავშვს საბაზისო განათლების უფლებას, არ ახორციელებენ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელ მოქმედებებს.

მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა.

როგორც იცავს კანონმდებლობა ბავშვს, თუ ის გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი?

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვი მშობლებისა თუ მასზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა ადამიანის მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან. 

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები”, რომელთა მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა. აღნიშნული პროცედურების ფარგლებში კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ: ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას; ბავშვის მდგომარეობის შეფასებას; ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას; საჭიროების შემთხვევაში, მოძალადისაგან ბავშვის განცალკევებას; ძალადობის შემთხვევაზე ზედამხედველობას.

ბავშვის მიმართ ძალადობისას, მსხვერპლის დაცვა და დახმარება უმთავრესად პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობას განეკუთვნება. თუმცა ნებისმიერი პირი ან უწყება, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ბავშვთან, ვალდებულია აცნობონ პოლიციას ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ.

პოლიცია:  ოპერატიულად რეაგირებს ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენაზე; აღკვეთს ბავშვზე ძალადობის ფაქტებს; სოციალურ მუშაკთან ერთად აღასრულებს ოჯახისგან (მოძალადისგან) ბავშვის განცალკევების გადაწყვეტილებას; გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვის გადაყვანას  სამედიცინო დაწესებულებაში; გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ.

სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს: ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასებას; შემთხვევის მართვას; კონსულტირებას; საჭირო მომსახურებებში ბავშვის განთავსებას; ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას.
 

რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნო, რომ ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი?

ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო შეიძლება იყოს ერთ-ერთი, ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან:

  • ბავშვზე სხეულის დაზიანებების ნიშნების არსებობა (სილურჯეები, ახალი ჭრილობები, ახალი ნაკაწრები, ახალი იარები, გაძნელებული სიარული, შეშუპებული სხეულის ნაწილები, მოტეხილობები);
  • ბავშვის საეჭვო ქცევა (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სკოლაში სიარული, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ სწავლობს, მოუვლელია, არ უნდა სახლში დაბრუნება, ასაკის შეუფერებლად სექსუალურია, აქვს სექსის შესახებ ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, ვერ ხსნის ტრავმის მიზეზებს).
     

ვის უნდა მივმართო, თუ შევიტყვე, რომ ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი?

ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ უწყებებს:

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს „ცხელი ხაზი“ - 15-05;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 116-006;
  • ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 2 100 229;
  • საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერი - 112.
     

რა მიდგომები აქვს სახელმწიფოს იმ ბავშვის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გახდა დანაშაულის მსხვერპლი ან შეესწრო დანაშაულს?

საქართველოში 2016 წლიდან მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის, არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებულ სტანდარტებს აწებს. 

კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. კოდექსი უპირატესობა ანიჭებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არასრულწლოვნის განრიდებას და ითვალისწინებს აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენებას.

არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. 

სავალდებულოა, რომ არასრულწლოვან ბრალდებულს და დაზარალებულს ჰყავდეს ადვოკატი. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული/დაზარალებულს არ აქვს საშუალება დაიქირავოს ადვოკატი, მას, სავალდებულო დაცვის ფარგლებში, სახელმწიფო უნიშნავს “იურიდიული დახმარების სამსახურის” ადვოკატს. 

არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები ვრცელდება ასევე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებულებზეც. 

რა არის დისკრიმინაცია ?

დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. 

საქართველოში მოქმედებს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანიცაა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
 

ვის შეიძლება მივმართო, თუ ვთვლი, რომ გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი?

  • ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
  • ნებისმიერ პირს, ასევე უფლება აქვს მიმართოს სახალხო დამცველს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე. სახალხო დამცველისათვის მიმართვის წესი განისაზღვრება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით.
     

რა შედეგებით მთავრდება საქმის განხილვა სახალხო დამცველის მიერ?

საქართველოს სახალხო დამცველი:

  • ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;
  • რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
  • შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
  • თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება.
     

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახალხო დამცველისათვის წარსადგენი განცხადება/საჩივარი?

პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს:

  • სახელი, გვარი;
  • დაბადების თარიღი;
  • პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ–ფოსტა);
  • თუ ასეთი არსებობს, წარმომადგენლის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და რწმუნებულება;
  • პირი, რომელმაც ჩაიდინა ან ჩადის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება სახელისა და გვარის/სახელწოდების და რეგისტრაციის მისამართის მითითებით );
  • ფაქტების დეტალური აღწერა, რომლებიც ადასტურებენ დისკრიმინაციას (სასურველია თან ერთვოდეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დისკრიმინაციის ფაქტებს);
  • ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა; 
  • ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება და რა ეტაპზეა წარმოება განაცხადის/საჩივრის შეტანის მომენტში;
  • ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე სასამართლო წარმოება და რა ეტაპზეა წარმოება განაცხადის/საჩივრის შეტანის მომენტში;
  • ხომ არ მიუმართავს განაცხადის/საჩივრის ავტორს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმებისთვის და რა ეტაპზეა წარმოება განაცხადის/საჩივრის შეტანის მომენტში;
  • ხელმოწერა განცხადების/საჩივრის ავტორის ან ავტორების ან მათი წარმომადგენლის მიერ.
  • თანდართული დოკუმენტების სია.
  • იმ შემთხვევაში თუ განცხადება/საჩივარში არაა მითითებული შესაბამისი ინფორმაცია, პირს განესაზღვრება ვადა ხარვეზის შესავსებად.
     

როგორ არის გადანაწილებული მტკიცების ტვირთი სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის დროს?

პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, და უნდა წარადგინოს შესაბამისი მასალები.
აღნიშნულის შემდეგ სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
 

რა უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს სახალხო დამცველს?

საქართველოს სახალხო დამცველი:

  • განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;
  • შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;
  • ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
  • შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
  • იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;
  • დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
  • უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
  • აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;
  • ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;
  • დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საერთაშორისო სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ვის შეუძლია სახალხო დამცველისთვის განცხადებით/საჩივრით მიმართვა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით?

საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ან პირთა ჯგუფის (საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა) განცხადებას/საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.

რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციულ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით?

ნებისმიერი ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (მათ შორის, პროკურატურის, საგამოძიებო, სასამართლო ორგანო) ვალდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით დადგენილი წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

რა ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ დაწესებულებებს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად?

დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:

  • თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
  • სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;
  • დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
     

ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.

რა უფლებები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს?

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ:

  • სიცოცხლის უფლება
  • კანონის წინაშე თანასწორობის უფლება
  • მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება
  • პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
  • წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან თავისუფლებლების უფლება
  • ექსპლუატაციის,  ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლების უფლება
  • პიროვნების ხელშეუხებლობის  უფლება
  • მოქალაქეობისა და გადაადგილების თავისუფლება
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება
  • აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
  • საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის უფლება
  • განათლების უფლება
  • ჯანმრთელობის უფლება
  • შრომისა და დასაქმების უფლება
  • ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის და სოციალური დაცვის უფლება
  • პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება
  • კულტურულ, სპორტულ, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის  უფლება
     

რას ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით?

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

  • სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით;
  • სახელმწიფო ცნობს ჟესტების ენას პიროვნებათაშორისი ურთიერთობის საშუალებად და უზრუნველყოფს აუცილებელი პირობების შექმნას მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის;
  • სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის;
  • დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს;
  • სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის მიუხედავად;
  • საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომით ურთიერთობაში აკრძალულია დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით;
  • აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე, ასევე ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) ამ პირის დასაქმება მისი თანხმობის გარეშე; 

რა სახის სოციალური დახმარების ღონისძიებებია გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარება ითვალისწინებს როგორც ფინანსური სახის (სოციალური პაკეტი–პენსია, სხვა სახის ფულადი დახმარება), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით (სავარძელ–ეტლები, საპროთეზო–ორთოპედიული ნაკეთობები და სხვა სახის დამხმარე საშუალებები) უზრუნველყოფას.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სოციალური პაკეტის–პენსიის დანიშვნის საფუძვლებს.

სოციალური პაკეტი ენიშნებათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

აქვს თუ არა დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალური პაკეტის–პენსიის მიღების უფლება?

კერძო სექტორში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ ანაზღაურების პარალელურად მიიღონ სოციალური პაკეტი. რაც შეხება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სოციალური პაკეტის მიღების უფლებას, აღნიშნული უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არის თუ არა გათვალისწინებულირაიმე სახის შეღავათი დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის?

საქართველოს საგადასახადო კოდექის 82–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.

როგორ მოვიქცეთ თუ ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს და სხვა) უფლება აქვს მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სასამართლოს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის ან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში არის თუ არა დაწესებული რაიმე სახის გადასახადი?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის ან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ან სხვა სახის გადასახადი არ გადაიხდევინება.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–16 მუხლის თანახმად დაინტერესებულ პირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიმართვის შემთხვევაში, განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ამ პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი დაწესებულებები, სასწავლო–საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გათავისუფლებული არიან განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
 

What is domestic violence? (ka)

Domestic violence means the violation of constitutional rights and freedoms of one member of a family by another through physical, psychological, economic, sexual violence or coercion.

˄