სიახლეები

მოლდოვა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმას საქართველოს მაგალითზე შეიმუშავებს


23 დეკემბერი 2016 მოლდოვა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმას საქართველოს მაგალითზე შეიმუშავებს

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული ინსტიტუციური ჩარჩოს შესახებ გამოცდილებას მოლდოვის რესპუბლიკა გაიზიარებს. ამ მიზნით, საქართველოს, სასწავლო ვიზიტით, დელეგაცია ეწვია, რომელმაც დეტალურად შეისწავლა ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მუშაობის სპეციფიკა. ორმხირივი შეხვედრებისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო შექმნისა და მათი იმპლემენტაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან გამართული შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებს და ამ მიმართულებით მთავრობის სამომავლო გეგმებს. დელეგაციის წევრებმა, ასევე შეხვედრები გამართეს სახალხო დამცველის ოფისის და პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმების თანამშრომლობის ფორმატები.

დელეგაციის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც საქართველო, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რეფორმების განხორციელების პროცესში იღებს.
მოლდოველმა კოლეგებმა დეტალურად შეისწავლეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის მუშაობასთან დაკავშირებული ასპექტები. დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფო უწყებების კოორდინირების და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის შესახებ. ამასთან, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან.

მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მაგალითზე გეგმავს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განვითარებას 2017 წლის განმავლობაში. სამოქმედო გეგმის შექმნის ვალდებულება სახელმწიფომ აიღო მიმდინარე წლის ნოემბერში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკის ანგარიშის განხილვის შემდეგ. აღნიშნული პროცესის შედეგად მოლდოვის რესპუბლიკამ გაიზიარა სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან მიღებული 175 რეკომენდაცია. მოლდოვის მთავრობა გეგმავს ასახოს აღნიშნული რეკომენდაციები სამოქმედო გეგმაში და ამასთან, შექმნას უწყებათაშორისი მექანიზმი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესს.

სახელმწიფოების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენელებმა მოლდოველ კოლეგებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების საქართველოში არსებული პოლიტიკის დოკუმენტების და ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ. აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს და მოლდოვის რესპუბლიკაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ოფისის (OHCHR) მიერ დაიგეგმა სასწავლო ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში ორმხირივი შეხვედრების დროს საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის ტექნიკური მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პოლიტიკის დოკუმენტების და ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარების მიმართულებით. მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

უკან
დაწერე კომენტარი
˄