სიახლეები

პრემიერ–მინისტრის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე


10 ნოემბერი 2015 პრემიერ–მინისტრის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე

ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ანტიდისკრიმინაციული კანონი «ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ» ევროპის საბჭოს კონვენციის ხელმოწერა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით - გენდერული თანასწორობის კუთხით ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯიჰან სულთანოღლუსთან ერთად გახსნა.

პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის ორგანიზატორებს, იდეის ინიციატორს-თამარ ბერუჩაშვილს და კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ გაეროს წევრი ქვეყნების მიზნის მიღწევა - „პლანეტა 50/50-ზე" სავსებით შესაძლებელია.

„ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, პირადად მე ამ ტრადიციებით გავიზარდე. მეგობრებო, თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქალი და კაცი თანასწორია. ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული ქალების მიმართ ის დისკრიმინაცია და ის ძალადობა, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება,"-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს და მიღწეულ შედეგებს გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი.

„ბოლო წლებში ჩვენ არსებითი პროგრესი გვაქვს - შარშან მივიღეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, აგრეთვე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი; ჩვენ ხელი მოვაწერეთ ,,ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციას; გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა აისახება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორობას ევროპის კავშირთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას ატარებენ. ეს პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებებს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის არსებით ინსტრუმენტებს,"-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს უდიდესი მხარდაჭერა ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში, ხოლო დიდ ევროპულ ოჯახთან თანამშრომლობა კი არის საუკეთესო გზა როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა რეალიზაციისკენ, ისე რეგიონალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება. ღონისძიებას ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი ესწრება.

უკან
დაწერე კომენტარი
˄