სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა


22 აპრილი 2015 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის, საჯარო სამსახურის რეფორმის, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით ანგარიშში მოცემულ შეფასებებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენლებმა და მინისტრების მოადგილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნულ საკითხებზე საკუთარი კომენტარები და მოსაზრებები გააცნეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება არასამთავრობო სექტორთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ამის დასტურია დღევანდელი შეხვედრა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის ინიციატივით გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა შეხვედრისას განაცხადეს, რომ მთავრობის წარმომადგენელთა შენიშვნების ნაწილი მათთვის მისაღებია და შესაბამისად, ისინი ანგარიშში აისახება. მათი განცხადებით, მისასალმებელია მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია მთავრობის წარმომადგენლებთან, რადგან ის მოსაზრებების გაცვლის საშუალებას იძლევა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანალოგიური ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄