ჩვენი გუნდი

ნიკო თათულაშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი 

 

ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ამასთან, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა დროს იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულ ქსელში იყო ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე.

მაკა ფერაძე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი

მაკა ფერაძეს ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი პროფესიით სამართალმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 

მაკა ფერაძე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის -  ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი,  მუშაობდა უწყების ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილებასა და ადმინისტრაციაში. 

საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მისი აქტიური ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციის, სამართალწარმოებაში ჩართული არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და საქართველოს ადამიანის უფლებების სტრატეგიის მიზნების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურებოდა. მაკა ფერაძეს, ასევე, აქვს საკუთარი სპეციალობით კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

მაკა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე ანა ბუჩუკური შეცვალა, რომელიც საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

ელისო შონია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილე

ელისო შონია ადამიანის უფლებათა სამდივნოს გუნდს 2021 წლის ივლისის თვეში შეუერთდა. 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2012 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციებზე, კერძოდ იყო: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ხოლო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში - დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

საჯარო სამსახურში მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, ამ პროცესში  ხარვეზების გამოვლენას და აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების და სხვადასხვა სახელმძღვანელოების შემუშავებას, თანამშრომლებისთვის სწავლებების ორგანიზება/ჩატარებას, ასევე შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და ანგარიშების მომზადებას.  

მონაწილეობა აქვს მიღებული დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებულ არაერთ პროექტში; მათ შორის აღსანიშნავია ევროპის საბჭოს  ორწლიანი პროექტი -  „თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვან და ზრდასრულ პირთა უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა არაერთი აქტივობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობების გაუმჯობესების, დაკავებულთა სამედიცინო მომსახურების სრულყოფის და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

გავლილი აქვს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარებული არაერთი სწავლება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მათ შორის საზღვარგარეთ.

სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

გულიკო მაჭარაშვილი

სპეციალისტი

გულიკო მაჭარაშვილი ადამიანის უფლებათა სამდივნოს გუნდს 2019 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა.

გულიკომ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ამჟამად, გულიკო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს და ამავე უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია დისციპლინებში „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“.

ადამიანის უფლებათა სამდივნოს ფარგლებში, გარდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და შესრულების ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობისა, იგი აქტიურადაა ჩართული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში სამართლებრივი და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის მიმართულებით.

გულიკო არის იურიდიული დახმარების ჟესტური ენის თარჯიმანი და 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მისი საქმიანობა მოიცავდა სმენდაქვეითებული და ყრუ ადამიანებისთვის იურიდიული დახმარების მიღების პროცესში ხელშეწყობას, მათ შორის სასამართლო პროცესებზე სურდო-თარგმანის  განხორციელების  კუთხით.

2019 წლის მარტიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით, გულიკო იკავებდა საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საპარლამენტო მკვლევარის პოზიციას საქართველოს პარლამენტის გენდერული  თანასწორობის  საბჭოში.

2019 წლის განმავლობაში სამართლებრივი კლინიკის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოწვეული ტრენერის პოზიციაზე, გულიკო ატარებდა ტრენინგებს ბავშვთა უფლებებზე, კონსტიტუციასა  და  ადამიანის  უფლებების შესახებ.

2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, იგი მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის სტაჟიორის  პოზიციაზე, სადაც მის მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის პროექტების მომზადება, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით   კვლევის/ანალიზის  განხორციელება.

2016 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, იგი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივნის თანაშემწის  პოზიციაზე.

2016 წლის იანვრიდან 2016 წლის მაისამდე გულიკო იკავებდა პროექტების მენეჯერის, ხოლო 2016 წლის მაისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციაში „მშვიდობის ფონდი“.

ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მას გავლილი აქვს არაერთი ტრენინგ-კურსი და არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, მისი გამოცდილება ითვლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, მათ შორისაა კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული სასწავლო ვიზიტები ბელგიაში, საფრანგეთში,  უკრაინასა და სამხრეთ  კავკასიის  ქვეყნებში.

ქეთევან ტატუაშვილი

სპეციალისტი

ქეთევან ტატუაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს გუნდს 2020 წლის თებერვალში შემოუერთდა. ქეთევანი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა.

ქეთევანი 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იურისტის პოზიციაზე.

2014 წლიდან 2020 წლამდე კი ქეთევანი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნულ პერიოდში მისი საქმიანობის მიმართულებას წარმოადგენდა, ისეთ მნიშვნელოვანი სფეროები, როგორებიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული; გენდერული თანასწორობა სამართალდამცავ უწყებებში და სხვა.

ქეთევანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ზემოაღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის და რეკომენდაციის/გაიდლაინის შემუშავებაში. ამასთანავე, მონიტორინგს უწევდა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის გამოძიებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში ქეთევანი აქტიურად იყო ჩართული გამომძიებელთა გადამზადების პროცესში ტრენინგების ჩატარების გზით.

2007-2011 წლებში ქეთევან ტატუაშვილმა მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი. 2011-2013 წლებში კი მან მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით.

ქეთევანს ასევე, აქვს პოლონეთში (College of Europe, Natolin campus) სწავლის გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით. 

2019 წელს ქეთევანმა ხორვატიაში, ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ხელშეკრულებისა (NATO ) და უსაფრთხოების თანამშრომლობის ცენტრის (Centre for Security Cooperation) ორგანიზებით გადამზადების კურსი გაიარა და წარმოადგენს სერტიფიცირებულ ტრენერს გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

ქეთევან ტატუაშვილი წარმოადგენს ევროპის საბჭოს (Council of Europe) სერტიფიცირებულ ტრენერს დისკრიმინაციის მიმართულებით.

ამასთანავე, ქეთევანს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ონლაინ სასწავლო კურსი, რისი დასრულების შემდგომაც აქტიურ მონაწილოებას იღებდა ევროპის ქვეყნებში გაცვლით სასწავლო ვიზიტებში.

ანუკი ბურდული

სპეციალისტი

ანუკი ბურდული მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს შემოუერთდა 2017 წლის დეკემბრიდან.

მან 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი დოკუმენტური კინოს რეჟისურის განხრით.

ანუკის მოპოვებული აქვს კრიმინოლოგიის მაგისტრის ხარისხი მალმოს უნივერსიტეტში, შვედეთი (2014-2016 წწ). 

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“.

ანუკის სცენარები მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისათვის დაფინანსებულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

ამჟამად იგი ადამიანის უფლებათა სამდივნოს წევრია და მუშაობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, პერსონალური მონაცემების დაცვის, რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე.

მარიამ ხარებაშვილი

სპეციალისტი

მარიამ ხარებაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს გუნდს 2022 წლის ივნისში შემოუერთდა.

მარიამმა წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. ამჟამად, მარიამი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს.

მარიამი არაერთი პუბლიკაციის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალებში და ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის გენდერული თანასწორობის, სექსუალური შევიწროების და ქალთა უფლებების დაცვას ეხება.

2019-2022 წლებში, მარიამი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე, სადაც უძღვებოდა სამართლებრივ და ორგანიზაციულ საქმიანობას, რაც გულისხმობს კომიტეტის სახელით საკანონმდებლო ინიციატივათა პროექტების, მათ შორის ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ინიცირებული კანონპროექტების მომზადებას. უშუალოდ იყო ჩართული საქართველოს პარლამენტში შექმნილ ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს მუშაობაში. ასევე მისი საქმიანობა მოიცავდა საერთაშორისო დონის შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობას.

2019-2020 წლებში, მარიამი გახლდათ ა(ა)იპ ,,ჯეი ენდ თი ქონსალთინგის სასწავლო ცენტრის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელობდა ინსტიტუციური სასწავლო ვიზიტებისა და სოციალური პროექტების მიმართულებას.

2018 წელს მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში, სადაც უშუალოდ მონაწილეობდა საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებაში.

2018-2019 წლებში, მარიამი სტაჟირებას გადიოდა სახალხო დამცველის აპარატში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასწავლო ვიზიტში, მათ შორის 2022 წელს იმყოფებოდა ესტონეთის დიპლომატიურ აკადემიაში.

 

˄